თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა დასრულდა – კალაძე

დედაქალაქის გენგეგმაზე მუშაობა დასრულდა – ხარვეზები გამოსწორებულია და დოკუმენტი მზად არის საკრებულოში გადასაგზავნად- განცხადება ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ თბილისის მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე გააკეთა. მისივე თქმით, დოკუმენტში არის პასუხი, ქალაქის პრაქტიკულად ყველა ძირითად გამოწვევაზე.
“დაიხვეწა და კანონმდებლობასთან შესაბამისობაში მოვიდა ზონირების საკითხები; დაიხვეწა რუკა, დატანილი იქნა გაცემული სამშენებლო ნებართვები და გრგ-ები, შეიქმნა თემატური რუკები, რომელშიც აისახა შიდა საუბნო გამწვანებები, ხაზობრივი ნაგებობები; დაზუსტდა ქონებრივი საკითხების გადაწყვეტის გზები, მესაკუთრეთა უფლებების მაქსიმალური გათვალისწინებით; უზრუნველყოფილი იქნა შეზღუდვის ქმედითი ინსტრუმენტების დანერგვა, ქაოტური განაშენიანებისა და გეოლოგიური (გეოდინამიკური) თვალსაზრისით საფრთხის შემცველი არეალების სამშენებლოდ განვითარებისთვის (ჟვანიას ქუჩის ნაწილი, ვერეს ხეობა, გლდანის ტბის მიმდებარე ტერიტორია და სხვა). აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილ გენგეგმაში, გათვალისწინებულია ოთხი ახალი საქალაქო პარკის პროექტირება-მოწყობადა 11 განაშენიანების ჩარჩო გეგმა მაგალითად, ლისის ტბა, დიღომი, თბილისის ზღვა და ა.შ. ასევე, შეიქმნა და დაზუსტდა პროექტებისა და კვლევების სამოქმედო გეგმა, ისეთი მნიშვნელოვანი მიმართულებებით, როგორიცაა – ურბანული განვითარება, კულტურული მემკვიდრეობის დაცვა, სატრანსპორტო სისტემის მოწესრიგება, გარემოს დაცვა, ეკონომიკური განვითარება, ინფრასტრუქტურის მოწყობა და ყველა სხვა, ჩვენი ქალაქისთვის მნიშვნელოვანი მიმართულება.
ძალიან მცდარია წარმოდგენა, რომ გენგეგმის მიღება ერთი ხელის მოსმით გადაწყვეტს ჩვენი ქალაქის ყველა პრობლემას. ამ ეტაპისთვის „სითი ინსტიტუტთან“ თანამშრომლობით მიღწეული შედეგი მერიისთვის მისაღებია. ამ გენერალურმა გეგმამ მაქსიმალურად მიიღო ისეთი სახე, რომ არის მიახლოებული სპეციალისტების, მოსახლეობის ინტერესებთან და არის მორგებული რეალობას. ჩვენ ათეული წლებია, თბილისის განაშენიანების პროცესი გვქონდა მიშვებული და დღეს დედაქალაქში მძიმე მემკვიდრეობა გვაქვს. წარმოდგენილი დოკუმენტი, რომელიც შემდგომი პროცედურებისთვის გადაეცემა საკრებულოს, არის ის კარკასი, ის საბაზო მოცემულობა, რომელიც ჩვენც და თბილისის მომავალ მთავრობებს მისცემს რეალურ საშუალებას დედაქალაქის არსებული მდგომარეობიდან გამოყვანის პროცესი წარმატებით მიმართოს სრულყოფილი, თანამედროვე ქალაქის ფორმირებისკენ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშირუსეთი როცა საქართველოში შეიჭრა, ობამამ სხვა მიმართულებით გაიხედა – იან კელი
შემდეგი სტატიათავდაცვის სამინისტრო ტენდერს, რომელშიც ოპერაცია „ენვერის“ დროს დაკავებული პეტრე დევრიშაძის კომპანია მონაწილეობდა, კანონით დადგენილ ვადაში გააუქმებს