თბილისის მერს საკრებულოში 4 საათზე ელოდებიან

არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რას გვეტყვის დღეს დავით ნარმანია – ეს განცხადება თბილისის საკრებულოს ფრაქცია ნაციონალური მოძრაობა – თბილისის წევრმა ირაკლი ნადირაძემ გააკეთა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა მიზეზი თუ რატომ ითხოვს ნაციონალური მოძრაობა თბილისის მერის გადადგომას. გარდა ამისა, ნადირაძემ ყურადღება იმ საკითხებზეც გაამახვილა, რომელიც დღეს საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე დაისმება.

„არანაირი მნიშვნელობა არ აქვს იმას თუ რას გვეტყვის დღეს დავით ნარმანია. ის აბსოლუტურად მოწყვეტილია რეალობას. მას დიდი ხანია არავინ არაფერს არ ეკითხება. ჩვენი მთავარი მოთხოვნა იქნება, რომ გადადგეს დავით ნარმანია და მოვუწოდებთ უმრავლესობასაც, დაეხმარონ ამ ადამიანს ამ გადაწყვეტილების მიღებაში. მაინცდამაინც ქვების სროლა უნდა დაიწყოს ადამიანმა, რომ მიხვდნენ თანამდებობისთვის შეუფერებელი რომ არის ეს კაცი?“-აცხადებს ირაკლი ნადირაძე.

თბილისის საკრებულოს ფრაქცია გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის თავმჯდომარე ზაზა ვეკუა კი კიდევ ერთხელ განმარტავს იმ მიზეზებს თუ რატომ არ მოაწერა მისმა პარტიამ ხელი თბილისის მერის გადადგომის მოთხოვნას.

ვეკუას თქმით, ისინი გადაწყვეტილებას თბილისის მერის მიერ მწვავე კითხვებზე პასუხის გაცემის შემდეგ მიიღებენ.

კითხვები დედაქალაქის მერთან აქვთ საკრებულოს უმრავლესობის წევრებსაც, თუმცა ისინი შექმნილ ვითარებაში ნარმანიას გადადგომის აუცილებლობას ვერ ხედავენ.

შეგახსენებთ, რომ ხმაურიანი აქციებისა და მესამე სექტორთან გაკეთებული სკანდალური განცხადების შემდეგ, თბილისის მერი დღეს საკრებულოში მიდის.

ოპოზიცია კრიტიკული შეკითხვებისთვის ემზადება. დავით ნარმანია დეპუტატებმა საკრებულოში ყაზბეგის გამზირზე 50-მდე ხის მოჭრის გამო დაიბარეს. გარდა ამისა, კითხვები შეეხება მერის ორწლიან მუშაობას და დედაქალაქში არსებულ ვითარებას. შეხვედრა დღეს 4 საათზე დაიწყება.

banner
წინა სტატიაშიე.წ. კაბელების და “რუსთავი 2”-ის საქმე – ეკა ბესელია საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს
შემდეგი სტატიააშშ რუსეთის მოულოდნელი სამხედრო სწავლებებით შეშფოთებულია