თბილისის მერმა რეაბილიტირებული ვაკის პარკი დაათვალიერა

ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულებულია. პარკით სარგებლობა უკვე შეუძლია მოსახლეობას. გაწეული სამუშაოების შედეგს თბილისის მერი კახა კალაძე გაეცნო.

კახა კალაძის თქმით, უკვე დაიწყო პარკის რეაბილიტაციის მეორე ეტაპი, რომელიც კასკადისა და შადრევნის რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

„მიხარია, რომ ვაკის პარკის სარეაბილიტაციო სამუშაოების პირველი ეტაპი დავასრულეთ. ძალიან კარგი პროექტი გამოვიდა. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, რომელიც ჩართული იყო პროექტის მომზადებაში – დარგის სპეციალისტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს. დაახლოებით, 34 ჰექტრის ათვისება მოხდა. აქედან 19 ჰექტარი მთლიანად რეაბილიტირებულია. ამ სივრცეში მოეწყო სხვადასხვა ზონა – საპიკნიკე ზონები, შეკრების ადგილები, ატრაქციონები, შშმ პირთათვის ადაპტირებული საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკები, სავარჯიშო და სარბენი 2კმ-ზე მეტი სიგრძის ბილიკი, თუმცა ჩვენ ამით არ შემოვიფარგლებით. სამუშაოების მეორე ეტაპი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს ცენტრალური შადრევნის რეაბილიტაციას და არსებული კასკადის მოწესრიგებას. ასევე, ფერდებზეც ვაპირებთ ბილიკების პროექტის განხორციელებას. უდიდესი სივრცეა. ყველაზე მთავარი ისაა, რომ ხალხი, რომელიც სარგებლობს ამ პარკით, ძალიან კმაყოფილია. დარწმუნებული ვარ, მომავალში ბევრ ასეთ მნიშვნელოვან პროექტს განვახორციელებთ. ამ პროექტის ფარგლებში, ასევე, მთლიანად მოწესრიგდა სანიაღვრე სისტემა, მიწისქვეშა კომუნიკაციები, განათება და სარწყავი სისტემები. ამჟამად მიმდინარეობს ბალახის დათესვის სამუშაოები და გაზაფხულ-ზაფხულში აქაურობა ულამაზესი იქნება“, – განაცხადა თბილისის მერმა.

ვაკის პარკის რეაბილიტაციის სამუშაოები 2019 წელს შემუშავებული წინასაპროექტო კვლევებისა და ფუნქციური ზონირების რუკის საფუძველზე დაიწყო. ვინაიდან პარკი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რეაბილიტაცია მნიშვნელოვანი ჩარევების და ცვლილებების გარეშე განხორციელდა.

ფართომასშტაბიანი სამუშაოების ფარგლებში, უკვე განახლდა საპარკე ავეჯი, საფეხმავლო და ველობილიკები, დამატებით მოეწყო შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის ადაპტირებული ბილიკები. მოწყობილია საბავშვო და სპორტული მოედნები, ამფითეატრი, ფანჩატურები, საპიკნიკე ზონა მაგიდებითა და სკამებით, საზოგადოებრივი საპირფარეშოები, სასმელი წყლის შადრევნები, ცხოველების სასეირნო მოედანი, სარწყავი, სანიაღვრე, წყალარინების და ელექტროობის სისტემები; ცენტრალურ ჩამოსასვლელთან პირვანდელი სახით აღდგა ისტორიული შადრევანი; დენდროლოგიური კვლევის საფუძველზე სრულად განახლდა მცენარეული საფარი – დაირგო სხვადასხვა სახეობის 12 088 ძირი ბუჩქი და 1342 ძირი ხე; სანიტარიული ჭრის ფარგლებში დაავადებული და ხმობადი ხეები მოიჭრა. გარდა ამისა, დამატებით 7 435 ძირი მწვანე ნარგავის დარგვა და 80 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე ბალახის ჰიდრო თესვის პრინციპით დათესვა იგეგმება.

რაც შეეხება კასკადისა და შადრევნის სრულ რეაბილიტაციას, კასკადის კონსტრუქცია სრულად განახლდება იმავე მასალითა და ვიზუალით, ასევე, მთლიანად შეიცვლება წყალმომარაგების სისტემაც. კერძოდ, დამონტაჟდება სრულიად თანამედროვე ტექნოლოგია, რომელიც ავტომატიზებულია და წყლის ამოფრქვევას ნებისმიერი ფორმით უზრუნველყოფს.

კასკადის პროექტირებისას სამუშაო შეხვედრა გაიმართა კასკადის ავტორების შვილებთან და ოჯახის წევრებთან, ხოლო ერთი საჯარო შეხვედრა – ვაკის პარკში მოსახლეობასთან.

მეორე ეტაპის სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2022 წლის ბოლოსთვის იგეგმება.

წინა სტატიაში“ნახეთ როგორ ჩაიკეტა გალის ოკუპაციის ხაზი… ყველამ იცის, რომ გალის 100% ხმას ჩვენ გვაძლევს” | მიხეილ სააკაშვილი
შემდეგი სტატიაკახი კალაძე: არავის დაუძალებია სააკაშვილისთვის, რომ იშიმშილოს და საკვები არ მიიღოს, ეს არის მისი პასუხისმგებლობა