თბილისის მერის კახა კალაძის ანგარიში

დღეს მართლაც მნიშვნელოვანი დღეა, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ განსხვავებულ ფორმატში გვიწევს სხდომის ჩატარება. მთავრობის ყველა წევრი ვერ ესწრება დღევანდელ სხდომას არსებული ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე და ზოგადად იმ რეგულაციების გათვალისწინებით, რომელიც რეკომენდებულია დარგის სპეციალისტების მიერ.
ჩვენს დედაქალაქზე ზრუნვა ძალიან საპასუხისმგებლო და მნიშვნელოვანია საქმეა.
პირადად ჩემთვის, თითოეული გაკეთებული საქმე, რომელიც თბილისის განვითარებას, თბილისის გალამაზებას, აქ მცხოვრები ადამიანების გახარებას ემსახურება, დიდ ემოციასთან არის დაკავშირებული.
ჩემთვის ძალიან დიდი პატივია, როდესაც ადამიანებისგან იღებ ნდობას, რომ დედაქალაქი მართო და მასზე იზრუნო და უკეთესი გახადო. ეს ქალაქი ყველას საერთო საკუთრებაა და ყველანი ვართ პასუხისმგებელი, რომ ქალაქში არსებული მდიდარი მემკვიდრეობა მემკვიდრეობა შევინარჩუნოთ, ქალაქში არსებულ გამოწვევებს გავუმკლავდეთ და მომავალ თაობებს განვითარებული, წარმატებული ქალაქი დავუტოვოთ.
თბილისელებმა ჩვენს გუნდს სწორედ იმიტომ გამოუცხადეს ნდობა, რომ თბილისის და თბილისელების წინაშე არსებული გამოწვევები დავძლიოთ. ეს კი, ჩვენი გუნდის აზრით, იმ შვიდი ძირითადი პოლიტიკის განხორციელების შედეგად მიიღწევა, რომელიც ჩვენს პროგრამაში იყო გაწერილი, ჯერ კიდევ 2017 წელს, წინასაარჩევნოდ. რა თქმა უნდა, ამ შვიდ პოლიტიკაში ასახული იყო დედაქალაქის ყველა ძირითადი პრობლემური მიმართულებები. ყველა ამ მიმართულებით მუშაობა, გამოწვევებზე ღირსეული პასუხი და პრობლემების მოგვარება მოგვცემს იმას, რომ თბილისი იყოს სიცოცხლით სავსე ქალაქი.
იმ დღიდან მოყოლებული, რაც ჩვენმა გუნდმა თბილისის მუნიციპალიტეტი ჩაიბარა, ბევრი კარგი და მნიშვნელოვანი საქმე გაკეთდა. ამასთან დაკავშირებით, მე, როგორც ქალაქის მერი, ვალდებული ვარ, ანგარიში ჩავაბარო საზოგადოებას და საკრებულოს.
ჩვენ დღეს აქ თბილისელებისთვის ერთ-ერთ მთავარ და მნიშვნელოვან საკითხზე სამსჯელოდ შევიკრიბეთ. ჩვენს დედაქალაქს უამრავი სირთულე ახსოვს და გადაულახავს. ალბათ ერთ-ერთ ასეთად ჩაითვლება შემდგომში 2020 წელიც. როგორც მთელ მსოფლიოს, ასევე საქართველოს და რასაკვირველია, თბილისსაც კორონავირუსთან დაპირისპირება მოუწია. პოლიტიკურ, სოციალურ, ეკონომიკურ სირთულეებს ემოციურიც დაერთო. ძალიან ძნელი იყო ამხელა ქალაქის შეგუება ახალ რეალობასთან. ძალიან ძნელი იყო იმ დაწყებული პროექტების შეჩერება და სახეცვლილება, რაც დაგეგმილი გვქონდა და რაც დავპირდით თბილისელებს. ქალაქი თითქმის მთელი წელი ცხოვრობს სხვადასხვა სახის შეზღუდვების პირობებში; ქალაქი თითქმის მთელი წელი იყო დინამიური პოლიტიკური პროცესების შუაგულში. ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, როგორც ქალაქის მერმა: ვალდებული ვარ, მიუხედავად ყველაფრისა, აღებული პასუხისმგებლობა თითოეული ჩემი თანამოქალაქის წინაშე, მუნიციპალიტეტის წინაშე და კანონის წინაშე აღვასრულო.
ვერანაირი გამონაკლისის დაშვება, არანაირი გადადებული საქმეები, ვერც სხვადასხვა მიზეზებზე ისრების გადატანა ჩვენი ყოველდღიური საქმიანობისას არ და ვერ მოხდება. იმიტომ, რომ ჩვენ ვართ პანდემიასთან ბრძოლის წინა ხაზზე. ჩვენ ვართ ქვეყანაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების მთავარი სცენა, იმიტომ, რომ ჩვენი დედაქალაქი არის საქართველოს გული, საქართველოს გონება და ქვეყნის ცხოვრების რიტმის განმსაზღვრელი. ჩვენ ყველამ ერთად კარგად უნდა გავაცნობიეროთ, რამხელა სამუშაო გვაქვს წინ, რამხელა გამოწვევების წინაშე ვდგავართ თითოეული ჩვენი გადაწყვეტილებით და რამდენად ანგარიშვალდებულები ვართ, არა მარტო თბილისელების, არამედ ქვეყნის წინაშე.
რაც შეეხება წლევანდელ წელს, ჩვენ ძალიან მასშტაბურ და სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან პროექტებს ვახორციელებდით, თუმცა მსოფლიოს თავს დაატყდა პანდემია, რომელიც ყველაზე ძვირფასს, ადამიანების სიცოცხლეს დაემუქრა და ამასთან ერთად, ვირუსს საკმაოდ მძიმე გლობალური ნეგატიური ეკონომიკური პროცესები მოჰყვა თან, რაც საქართველოზეც აისახა. მიუხედავად გლობალური პანდემიისა, ჩვენ ვეცადეთ, რომ ერთი მხრივ, მაქსიმალურად შეგვენარჩუნებინა შვიდი ძირითადი პოლიტიკის მიმართულებით არსებული პრიორიტეტები, ხოლო მეორე მხრივ, გადაგვედგა ის ნაბიჯები, რაც ეპიდემიოლოგიური ვითარებისა და ეკონომიკური კუთხით არსებული გამოწვევების ადეკვატური პასუხი იქნებოდა. სახელმწიფომ, მთავრობამ და მათ შორის, თბილისი მერიამ ამ მიმართულებით ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა.
რაც შეეხება წელს განხორციელებულ პროექტებს. მე მინდა დავიწყო ახალი პროექტით. ეს არის პლატფორმა, რომელიც ჩვენ შევქმენით და სადაც ყველა ადამიანს, ბიზნესს, ფიზიკურ პირებს მივეცით შესაძლებლობა, რომ ამ რთულ ვითარებაში, ყველამ ერთად, სოლიდარობით, ერთიანი ძალისხმევით დავეხმაროთ იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდა ამ რთულ ვითარებაში. პლატფორმაში ძალიან ბევრი ადამიანი ჩაერთო. ჯერ კიდევ პანდემიის პირველი ტალღის დროს, რიგითი მოქალაქეები, ბიზნესსექტორის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ, რისთვისაც მინდა ყველას მადლობა გადავუხადო. ჩვენ ამ პროექტს ვაგრძელებთ. პირველ ეტაპზე, ამისთვის გამოყოფილი იყო ნახევარი მილიონი ლარი, ამას დაემატა 700 ათასი ლარი, რომელიც საშობაო სოფლის მოწყობისთვის უნდა დახარჯულიყო. ეს თანხა მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც მომდევნო დღეებში დარიგდება.
მე მინდა, ასევე, მადლობა გადავუხადო თბილისის საკრებულოს, რომელიც ჩართულია ამ პროექტში. ვეხმარებით მრავალშვილიან ოჯახებს, შეჭირვებულებს, მოხუცებს, ვინც მართლაც ძალიან მძიმე მდგომარეობაშია.
ასევე, ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენ მიერ გადადგმული ნაბიჯები მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდასაჭერად. მიუხედავად იმისა, რომ ცენტრალურმა ხელისუფლებამ ბევრი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა და დახმარების პაკეტი წარმოადგინა, როგორც პანდემიის პირველი ტალღის დროს, ასევე, ამჯერადაც, თბილისის მუნიციპალიტეტმა ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ ხელშემწყობი ღონისძიებები განგვეხორციელებინა. იმ გადაწყვეტილებებით, რომლებიც ჩვენ მივიღეთ, 3000-მდე მეწარმეს შეეხო შეღავათი, რაც, ვფიქრობ, ძალიან მნიშვნელოვანია მათი ბიზნესის გადასარჩენად.
მინდა, ასევე, შევეხო სატრანსპორტო პოლიტიკას, რომელიც მთავარი და ძალიან სენსიტიური მიმართულებაა. ამ პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ დავიწყეთ მთელი რიგი რეფორმების განხორციელება, რაც, რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის.
თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ ავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს და მომდევნო წლის დასაწყისში მთლიანად იქნება დასრულებული – თბილისს ეყოლება განახლებული ავტობუსების პარკი, ხოლო არსებული ყვითელი ავტობუსები, რომლებიც პრობლემას წარმოადგენდა ქალაქისთვის როგორც ვიზუალური, ისე გამონაბოლქვის თვალსაზრისით, ჩანაცვლდება. ეს პროექტი არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ქალაქის მოსახლეობამ, რომელიც ყოველდღიურად სარგებლობს საზოგადოებრივი ტრანსპორტით, კომფორტულად, თავისუფლად შეძლოს გადაადგილება ყოველგვარი დაბრკოლების გარეშე.
ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მუნიციპალიტეტმა დაიწყო მიკროავტობუსების ჩანაცვლების პროგრამა. პირველ ეტაპზე 300 ერთეული მიკროავტობუსი იქნა შეძენილი, რომელსაც, რა თქმა უნდა, კომპანია, რომელიც ოპერირებას უწევს ამას, გამოისყიდის და ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, დამატებით კიდევ შევიძინოთ მიკროავტობუსები.
რაც შეეხება მეტროს, ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა. შეიცვალა მეტროს ძალოვანი კაბელები და გამნიავებელი სისტემა. პროექტი უკვე დასრულებულია. მთლიანად 450 კილომეტრზე მეტი ძალოვანი კაბელი შეიცვალა. ასევე დავიწყეთ მეტროს ვაგონების მოდერნიზაცია. დაახლოებით 15 ახალი შემადგენლობა გვყავს, რომელიც უკვე რეაბილიტირებულია. გარდა ამისა, გამოცხადებული გვაქვს ტენდერი და აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით, მადლობა გადავუხადო საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ჩართულობით, უკვე გაზაფხულზე გვეცოდინება, ვინ არის კომპანია, რომელიც მეტროს ახალ, ევროპული სტანდარტის ვაგონებს მოაწვდის მუნიციპალიტეტს.
მინდა, შევეხო პროგრამას, რომელიც 2017 წელს, წინასაარჩევნო კამპანიის დროს იქნა გაჟღერებული. ეს არის შენობა-ნაგებობების, საცხოვრებელი ფართების, მიწების დაკანონება. ამ პროექტის ფარგლებში, ჩვენ ძალიან ბევრი ოჯახი გავაბედნიერეთ. ეს ოჯახები ცდილობდნენ იმ საცხოვრებელი ფართების დაკანონებას, სადაც წლების განმავლობაში ცხოვრობდნენ და სხვადასხვა მიზეზის გამო ამას ვერ ახერხებდნენ. ჩვენ მათ დავპირდით, რომ ამ პრობლემას მოვაგვარებდით და ამ მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით, 1300-ზე მეტ ოჯახს სიმბოლურ ფასად, ერთ ლარად, გადაეცათ საცხოვრებელი ფართები. ასევე 1572 ერთეული მიწის ლეგალიზება მოხდა. ამ პროგრამას მომავალშიც გავაგრძელებთ. მინდა, მივმართო მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებთ, უნდა მიმართოთ თქვენივე რაიონის გამგეობას, სადაც ზედმიწევნით დაგეხმარებიან და გეტყვიან, რა დოკუმენტაციაც არის საჭირო ფართების დასაკანონებლად.
მინდა, შევეხო დაუმთავრებელი შენობა-ნაგებობების პრობლემას. სამწუხაროდ, წლების განმავლობაში ქალაქში ჩნდებოდა ასეთი შენობები, სადაც ადამიანებს გადახდილი აქვთ თანხა საცხოვრებელი სახლის შესაძენად. ბევრმა დეველოპერულმა კომპანიამ ვერ შეასრულა ვალდებულება და ამან სერიოზული პრობლემა შექმნა ქალაქისთვისაც. მივიღეთ ვიზუალურად ცუდი შენობა-ნაგებობები და გაჭირვებული ადამიანები. ამ მიმართულებითაც გადავდგით კონკრეტული ნაბიჯები და მინდა, სიამაყით გითხრათ, რომ კომპანია „სვეტის“ მიერ დაზარალებული ოჯახების პრობლემა მოგვარებულია, მინდა საკრებულოს თითოეულ წევრს ამისთვის გადავუხადო დიდი მადლობა, რადგან ეს მხოლოდ მერის ან მერიის თანამშრომლების დამსახურება არ არის. ეს ჩვენი ერთობლივი მუშაობის შედეგია. ძალიან მეამაყება, რომ ხელი მოვკიდეთ ისეთი პრობლემების მოგვარებას, რაც ათეული წლებია არსებობს ქალაქში და სიამაყით შემიძლია, ვთქვა, რომ „ოლიმპიური ვარსკვლავის“ დაზარალებულების პრობლემა მოგვარდა ასევე „ცენტრ პოინტის“ საქმე ბოლოში გადის და მალე 6 000 ოჯახს, ვინც ელოდება სამშენებლო სამუშაოების დასრულებას, მალე მივულოცავთ.
შემდეგი თემა კოოპერატიული ბინათმშენებლობების პროგრამა, რაც ასევე ძალიან მნიშვნელოვანია. 3000-მდე დაზარალებული ჰყავს ქვეყანას, თბილისში რეგისტრირებული ადამიანები, ვინც წლების განმავლობაში უშედეგოდ ელოდა სახელმწიფოს მხრიდან საცხოვრებელი ფართების გადაცემას. ეს არის სახელმწიფოს მხრიდან აღიარებული ვალდებულება და ჩვენ უკვე კონკრეტული ნაბიჯები გადავდგით იმისთვის, რომ ამ ადამიანებს მიეცეთ შესაძლებლობა, რომ საცხოვრებელი სახლები მიიღონ საკუთრებაში.
ეკოლოგიურ მდგომარეობას მინდა შევეხო, რომელიც არ არის სახარბიელო. ამ მიმართულებით მთელი რიგი ღონისძიებები განხორციელდა. მნიშვნელოვანი იყო სამშენებლო სექტორისთვის დაწესებული რეგულაციები – შეიძლება ცოტა მტკივნეული, მაგრამ აუცილებელი. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ქალაქში მწვანე სივრცეების არსებობას. ჩვენ გვახსოვს ყველას წლები, როდესაც სკვერების ადგილზე, სპორტული მოედნების ხარჯზე მიმდინარეობდა შენობა-ნაგებობების განთავსება და საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა. ეს, რა თქმა უნდა, კატეგორიულად მიუღებელია ჩვენთვის და არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ სკვერების, სპორტული მოედნების, რეკრეაციული სივრცეების ხარჯზე საცხოვრებელი ფართების აშენებას. ჩვენ დავიწყეთ ვაკის პარკის რეაბილიტაცია და ეს პროექტი წარმატებით მიმდინარეობს. მომავალ წელს დავიწყებთ კასკადის რეაბილიტაციას, რომელიც, ასევე, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია. ორი წლის თავზე გვექნება ქალაქის ცენტრში კიდევ ერთი განახლებული სივრცე. უნდა აღვნიშნო ისიც, რომ ძალიან მეამაყება, ბოლო წლების განმავლობაში განსაკუთრებით, მას შემდეგ, რაც ჩვენ დავიწყეთ ამ პროექტების განხორციელება, არსებული სკვერების მოწესრიგება, პარკების განახლება, ქალაქში შემოვიდა საპარკო კულტურა, რაც ნამდვილად სასიამოვნოა და საღამოობით, როდესაც გადიხარ, პარკები გადავსებულია ყველა თაობის ადამიანით. იმიტომ, რომ ჩვენ შევქმენით სივრცეები, სადაც ყველას აქვს შესაძლებლობა, გაერთოს, დაისვენოს, ივარჯიშოს, ველოსიპედით გაისეირნოს, პატარები გამოიყვანოს ატრაქციონებზე. შეიქმნა სკეიტ პარკები, რომლებიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს და რა თქმა უნდა, მომავალშიც ვაპირებთ ამ მიდგომით მუშაობას მწვანე სივრცეებზე. ასევე, მინდა აღვნიშნო კიკვიძის პარკის რეაბილიტაცია, რომელიც მართლაც კარგი პროექტი გამოვიდა; ვარკეთილში, სუხიშვილის და თაყაიშვილის ქუჩებზე ორი დიდი პარკის რეაბილიტაცია; მოსკოვის გამზირზე ორნახევარი კილომეტრის სიგრძის გზაგამყოფის რეაბილიტაცია. მოსახლეობის თხოვნა იყო დამცავი ჯებირების მოწყობა და ამასაც ვაკეთებთ და ძალიან მალე დასრულდება. ასევე, მინდა აღვნიშნო გლდანის მიკრორაიონში განხორციელებული პროექტი, რომელიც ძალიან კარგი გამოვიდა.
რაც შეეხება ინფრასტრუქტურულ სამუშაოებს, ჩვენ დავიწყეთ მაჭავარიანი-გელოვანის დამაკავშირებელი გზის მშენებლობა, რომელიც გაზაფხულზე დასრულდება. მინდა, ჭავჭავაძის გამზირს შევეხო, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო პროექტია. შეიძლება ითქვას, ქუჩის მოწყობის სრულიად ახალი, თანამედროვე სტანდარტი დავაწესეთ და ყველა ქუჩა, რომელიც მომავალში გაკეთდება, იქნება ზუსტად ამ სტანდარტის და ყველას ექნება შესაბამისი სივრცე.

banner
წინა სტატიაშიფარავნის უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
შემდეგი სტატიაგიორგი ბირბიჩაძე: „2021 წლის დედაქალაქის ბიუჯეტის მესამედი ჯანდაცვის და სოციალური პროგრამების განხორციელებისკენაა მიმართული“