თბილისის მერიასთან სიტუაცია დაიძაბა

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრებისა და მხარდამჭერების ნაწილმა თბილისის მერიის მეორე შესასვლელთან გადაინაცვლეს.

ისინი ნიკა მელიას ხელმძღვანელობით ახლა უკვე აღნიშნული შესასვლელიდან ცდილობენ მერიაში შესვლას, თუმცა ამის საშუალებას დაცვის სამსახურის თანამშრომლები არ აძლევენ. როგორც დაცვის სამსახურის წარმომადგენლები აქციის მონაწილეებს განუმარტავენ, მათ შენობაში შესვლის უფლება არ აქვთ, რასაც „ნაციონალების“ წევრები და მხარდამჭერები არ ეთანხმებიან.

„ძალიან უხერხულია რასაც აკეთებთ. აქ თითოეული ჩვენგანი არის ან პარლამენტის, ან საკრებულოს წევრი, რომელთაც ადმინისტრაციული ორგანოს ყველა კარში შესვლის უფლება აქვთ… თქვენ ისეთივე დაცვის თანამშრომლები ხართ, როგორც მე რომელიღაცა სხვა პროფესიის წარმომადგენელი, რომელიც არ ვარ. მართლაც უხერხული და სამარცხვინოა ფაქტია, რასაც თქვენ აკეთებთ“, – მიმართა ნიკა მელიამ დაცვის სამსახურის თანამშრომლებს.

დაპირისპირება გრძელდება თბილისის მერიის ცენტრალურ შესასვლელთან. რამდენიმე წუთის წინ იქ დაპირისპირებამ იმატა. მერიასთან საპატრულო პოლიციის თანამშრომლების დამატებითი ბრიგადები მივიდნენ, რომლებმაც აქციის მონაწილეები შარტავას ქუჩაზე გადაიყვანეს, მერიის შესასვლელთან კი თავად განლაგდნენ

banner
წინა სტატიაშიალეკო ელისაშვილმა თბილისის საკრებულო დატოვა
შემდეგი სტატიათბილისის მერიის წინ მიმდინარე აქციაზე რამდენიმე პირი დააკავეს