როგორც თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელის პოსტზე ვიქტორ წილოსანს ნინო ბაგაშვილი შეცვლის, ხოლო მერიის ქონების მართვის სააგენტოს უფროსის თანამდებობაზე ირაკლი თავართქილაძეს მარიამ კვერნაძე ჩაანაცვლებს.
„მინდა, გაგაცნოთ გარკვეული საკადრო ცვლილებები, რომელმაც დიდი მითქმა-მოთქმა გამოიწვია და ყველაფერი დაფუძნებული იყო სიცრუეზე. ბევრი არასწორი ინფორმაცია და ტყუილით გაჯერებული განცხადება მოვისმინეთ იმ ტელევიზიებიდან, რომლებიც დაკავებულები არიან სიცრუის პროპაგანდით. რაც შეეხება რეალობას, ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ბოლო წლებში ხელმძღვანელობდა ვიქტორ წილოსანი, რომელმაც ორივე მიმართულებით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქალაქისთვის სასიკეთო გადაწყვეტილებების მიღებაში. მისი მართვის პერიოდში მოხერხდა ტრანსპორტისა და ურბანული პოლიტიკის მიმართულებით ბევრი სიახლის დანერგვა. ჩვენ ერთად დავიწყეთ იმ რეფორმების განხორციელება, რომელიც ერთობ მნიშვნელოვანია ჩვენი ქალაქისთვის, ერთად მოგვიწია საკმაოდ მძიმე გადაწყვეტილებების მიღება, თუმცა კარგად გვესმოდა და გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროექტების განხორციელება იმისთვის, რომ ჩვენი ქალაქი იყოს ევროპული, მოწესრიგებული და გამართული. ვიქტორ წილოსანის როლი ამ ყველაფრისთვის მნიშვნელოვანი იყო. მისი საქმიანობა ნაყოფიერი და სასარგებლო იყო თბილისისთვის. ის კერძო სექტორში აპირებს გადასვლას. მინდა, მადლობა გადავუხადო და წარმატებები ვუსურვო მას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
თბილისის მერმა მთავრობის სხდომაზე ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად ნინო ბაგაშვილი წარადგინა.
„ნინო განათლებით არის საერთაშორისო ურთიერთობების მაგისტრი. მას განათლება მიღებული აქვს, როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში. აქვს მერიის სისტემაში მუშაობის კარგი გამოცდილება, განსაკუთრებით ტრანსპორტის მიმართულებით. სააგენტო, ცხადია, ახალი ხელმძღვანელის პირობებში გააგრძელებს იმ პოლიტიკის გატარებას, რომელიც მუნიციპალიტეტში ბოლო წლებში დაინერგა და მინდა, ამ პროცესში მას დიდი წარმატება ვუსურვო“, – განაცხადა კახა კალაძემ.
რა შეეხება კიდევ ერთ ცვლილებას, ის ეხება თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს, რომელსაც აქამდე ხელმძღვანელობდა ირაკლი თავართქილაძე.
„მისი მართვის პირობებში სააგენტომ წარმატებით იმუშავა წლობით გადაუჭრელი პრობლემების მოგვარებაზე. მათ შორისაა საცხოვრებლების დაკანონების პროექტი, ასევე კოოპერატიული ბინათმშენებლობებით დაზარალებულთა დაკმაყოფილების საკითხი. პრაქტიკულად, ბოლოშია გასული ორივე პროექტი. ასევე ირაკლის დამსახურებაა, რომ ათეულობით წლობით დაგროვილი პრობლემების გადაჭრა დავიწყეთ, უამრავი ოჯახი დავაკმაყოფილეთ. ირაკლი თავართქილაძე მუნიციპალურ სერვისებში გააგრძელებს საქმიანობას და მინდა, წარმატებები ვუსურვო მას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
დედაქალაქის მერის თქმით, თბილისის მერიის ქონების მართვის სააგენტოს მარიამ კვერნაძე უხელმძღვანელებს.
„მარიამი პროფესიით იურისტია, სამართლის მაგისტრი. მიღებული აქვს დასავლური განათლება. ის აქამდეც მუშაობდა მერიის სხვადასხვა სამსახურში, ბოლო წლებში კი ქონების მართვის სააგენტოში. მისთვის არათუ კარგად ნაცნობია თითოეული ხსენებული პროექტი, არამედ პირადად იყო ჩართული მათ ეფექტიან განხორციელებაში“, – აღნიშნა თბილისის მერმა.