თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ ოპოზიციონერი დეპუტატები აჟიოტაჟის შექმნას ხელოვნურად ცდილობენ

თბილისის მერია საკრებულოს იმ დეპუტატებს პასუხობს, რომლებიც დღეს მერიაში მივიდნენ და მთავრობის სხდომაზე დასწრება სცადეს:

”გვინდა სრული პასუხისმგებლობით განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ დეპუტატები ხელოვნურად ცდილობენ აჟიოტაჟის შექმნას. მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ყველა დაინტერესებულ პირს აქვს უფლება დაესწროს დედაქალაქის მთავრობის სხდომას, თუ სხდომა წინასწარ არ არის გამოცხადებული დახურულად და შესაბამისად, საკრებულოს წევრებსაც მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა.

ამასთან, აღსანიშნავია, რომ დეპუტატებს თბილისის მერიისთვის სხდომაზე დასწრების მოთხოვნით წინასწარ არ მოუმართავთ, შესაბამისად, მას შემდეგ რაც ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ საკრებულოს წევრებს სურვილი ჰქონდათ დასწრებოდნენ სხდომას, საკითხი შეთანხმდა მთავრობის წევრებთან და მათ ამის საშუალება მიეცათ.

მიუხედავად ამისა, დეპუტატები სხდომას არ დაესწრნენ, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათი ქმედება მხოლოდ და მხოლოდ მედიისა და საზოგადოების წინაშე შოუს მოწყობას ემსახურებოდა”, – აღნიშნულია მერიის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეიდან, N87 მარშრუტზე „მანის“ ახალი ავტობუსები იმოძრავებს
შემდეგი სტატიაე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთის ბრალდებით, გორის რაიონის მკვიდრი დააკავეს