3.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, აპრილი 16, 2026
banner

თბილისის მერიას 37 მილიონ ლარად აღრიცხული აქვს მიწა, რომელსაც მისამართი არ ეძებნება – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა გამოაქვეყნა თბილისის მერიის 2023 წლის ფინანსური ანგარიშის აუდიტი, რომელიც მერიის ბალანსისა და აქტივების შეფასების დოკუმენტს წარმოადგენს. დოკუმენტის თანახმად, თბილისის მერიაში აქტივების ღირებულების აღრიცხვის მიმართულებით არსებობს მრავალწლიანი და განგრძობადი ნაკლოვანება, რაც გულისხმობს იმას, რომ აქტივების საბაზრო ღირებულების შეფასება და რეგულარული გადათვლა არ ხდება.

ამასთან, აუდიტის სამსახური მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ მერიას თანხობრივად აქვს აღრიცხული ისეთი აქტივი, რომლის ფიზიკური დადასტურებაც ვერ ხდება. ანგარიშის თანახმად, ასეთია 37 მილიონი ლარის უძრავი ქონება, რომელსაც არც მისამართი და არც საკადასტრო კოდი არ ეძებნება.

“მერიას ფინანსურ ანგარიშგებაში „ძირითადი აქტივების“ მუხლში ერიცხება 37,447,782 ლარის ღირებულების მიწა, რომლებზეც არ არის მითითებული ზუსტი ადგილმდებარეობა და საკადასტრო კოდი. მუნიციპალიტეტი ქონებაზე მითითებული მონაცემებით ვერ ახდენს მიწის იდენტიფიცირებას და არსებობის დადასტურებას. შესაბამისად, ვერ მივიღეთ რწმუნება ფინანსურ ანგარიშგებაში აღრიცხული 37,447,782 ლარის სისწორეზე,”– ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშის თანახმად, მერიას არასწორად აქვს აღრიცხული მის მიერ დაფუძნებული საწარმოების აქტივებიც. საუბარია თბილისის სატრანსპორტო კომპანიაზე, თბილსერვის ჯგუფსა და სხვა მუნიციპალურ კომპანიებზე, რომლებიც მერიის დაქვემდებარებაშია. 24 კომპანიის საერთო აქტივებად მერია 1.44 მილიარდ ლარს უთითებს, თუმცა აუდიტის ანგარიშის თანახმად, ამ ორგანიზაციებიდან 9-ს 2023 წლის მდგომარეობით ჰქონდა დაგროვილი ზარალი 747 მილიონი ლარის ოდენობით, ხოლო აქტივების სამართლიანად შეფასებისთვის აუცილებელია ამ ზარალის აქტივის ღირებულებისთვის გამოკლება და შესაბამისი რიცხვით შემცირება, რაც მერიის ფინანსურ სამსახურს არ გაუკეთებია.

banner
წინა სტატიაშისარვამარტო პროტესტი- ხვალ რუსთავის ციხესთან აქცია გაიმართება
შემდეგი სტატიაისრაელის ავიაგამანადგურებლებმა ირანის ნაჯაფაბადში ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსს დაარტყეს