თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების დაფინანსებაზე განცხადებების მიღება დაიწყო

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი სტუდენტების სწავლის საფასურის დაფინანსების მიზნით, 2019-2020 სასწავლო წლის გაზაფხულის სემესტრისთვის განცხადებების მიღება დაიწყო.

სოციალურად დაუცველი და წარმატებული სტუდენტების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, თბილისში რეგისტრირებული სოციალურად დაუცველი ის სტუდენტები დაფინანსდებიან, რომელთა ოჯახების სარეიტინგო ქულა სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში 70 000 ან ნაკლებია და სახელმწიფოს მიერ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, მაგისტრატურის ან დოქტორანტურის აკადემიურ საფეხურზე სწავლობენ.

სოციალურად დაუცველ სტუდენტებზე სწავლის დაფინანსების გაცემა სემესტრულად, წელიწადში ორჯერ, თითოეული სტუდენტის აკადემიური მოსწრების გათვალისწინებით, სასწავლო გრანტის ფარგლებში ხდება. 51-70 ქულის შემთხვევაში, დაფინანსების ოდენობა 50% იქნება, 71-90 ქულის შემთხვევაში – 70%, ხოლო 91-100 ქულის მქონე სტუდენტები სრულ, 100%-იან დაფინანსებას მიიღებენ. დაფინანსების მისაღებად სტუდენტმა თბილისის მერიაში უნდა წარადგინოს:

პირადობის მოწმობის ასლი; ამონაწერი სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიანი ბაზიდან; ცნობა უნივერსიტეტიდან წლიური გადასახადის მითითებით; უნივერსიტეტის საბანკო რეკვიზიტები და ანგარიშფაქტურა; უნივერსიტეტის მიერ გაცემული აკადემიური მოსწრების მაჩვენებელი (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); რეკომენდაცია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან (გარდა I სემესტრის სტუდენტებისა); სამოტივაციო წერილი. რაც შეეხება პირველი სემესტრის სტუდენტებს, სხვა დოკუმენტებთან ერთად, მათ უნდა წარმოადგინონ ერთიან ეროვნულ გამოცდებში მიღებული ქულებისა და შედეგების შესახებ ცნობა. დოკუმენტაცია და განცხადება სტუდენტმა უნდა წარადგინოს პირადად. განცხადებების მიღება მიმდინარე წლის 31 მაისის ჩათვლით გაგრძელდება.

banner
წინა სტატიაშიკახი კალაძე: ზედა და ქვედა ფონიჭალის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა დასრულდა
შემდეგი სტატიაჯემალ გამახარია: სამივე ე.წ. პრეზიდენტობის კანდიდატი რუსეთის ერთგულების დამტკიცებას ცდილობს