თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 16:43

თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველი მოსახლეობისთვის პროდუქტების დარიგება დაიწყო

თბილისის მერიამ, პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების მიზნით, ბიზნეს სექტორისა და კერძო პირების მიერ შეგროვებული პროდუქტების დარიგება დაიწყო.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროდუქტების დროებით საცავში დღეს დედაქალაქის მერი მის მოადგილესთან, ილია ელოშვილთან ერთად მივიდა და პროდუქტების განაწილებაში ჩაერთო.

კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა თითოეულ შემომწირველს და აღნიშნა, რომ შეგროვებული პროდუქტების გარდა, თბილისის ბიუჯეტში უკვე გამოიყო მილიონ ორასი ათასი ლარი სოციალურად დაუცველი მოსახლეობის დახმარების მიზნით.

„ყველა ჩართულ კომპანიას მადლობა მინდა გადავუხადო მხარდაჭერისთვის. ძალიან კარგი საქმე კეთდება და სოლიდარობის განცდა, რომელიც არის ქვეყანაში, ძალიან მნიშვნელოვანია. ვირუსის პირველი ტალღის დროსაც ამგვარი დამოკიდებულება იყო. ძალიან ბევრმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა პროექტში და ამისთვის მადლობას ვუხდი თითოეულ მათგანს. დღეს უკვე დავიწყეთ პროდუქტების დარიგება, რითაც ათი ათასობით ოჯახს დავეხმარებით. გარდა ამისა, თქვენ იცით, რომ მილიონ ორასი ათასი გამოყო მუნიციპალიტეტმა: ხუთასი ათასი ლარი მობილიზებულია სარეზერვო ფონდში, ხოლო შვიდასი ათასი, რაც საახალწლო სოფლისთვის უნდა დახარჯულიყო, მიმართული იქნება პროდუქტების შესაძენად, რომელიც დაურიგდება მოსახლეობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.

პანდემიის პირობებში, მარტოხელა ხანდაზმულებისთვის და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის მოქალაქეებისთვის დახმარების აქციას 25-ზე მეტი კომპანია შეუერთდა.

region
ავტ.: region დეკემბერი 15, 2020 16:43