14.8 C
Tbilisi
ოთხშაბათი, სექტემბერი 9, 2026
banner

თბილისის მერიამ რუსთაველის გამზირის კონტრაქტორი “სმარტ სოლუშენსი” დააჯარიმა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიამ რუსთაველის გამზირის სარეაბილიტაციო სამუშაოების შემსრულებელი კომპანია „სმარტ სოლუშენსი“ დააჯარიმა.

სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული საჯარიმო დოკუმენტის თანახმად, 24 აგვისტოს ჩატარებულმა მონიტორინგმა დაადგინა, რომ ბესიკის ქუჩიდან თავისუფლების მოედნამდე მონაკვეთზე სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში არ მიმდინარეობდა, რაც ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევაა. აღნიშნულისთვის კომპანიას 1 583 ლარის ჯარიმა დაეკისრა.

აღსანიშნავია, რომ ეს პირველი შემთხვევა არ არის — ანალოგიური დარღვევისთვის „სმარტ სოლუშენსი“ მერიამ 24 და 30 ივლისს, ასევე 7 აგვისტოსაც დააჯარიმა.

კომპანია რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის სამივე ლოტზე მუშაობს. მასთან გაფორმებული კონტრაქტის ჯამური ღირებულება 19.8 მილიონ ლარს შეადგენს და პროექტი 100 დღეში, 24-საათიან უწყვეტ რეჟიმში უნდა დასრულდეს.

რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციაში „სმარტ სოლუშენსის“ გარდა სხვა კომპანიები და კომუნალური უწყებებიც არიან ჩართულნი:

 ჭოველიძის ქუჩიდან მეტრო „რუსთაველამდე“ მონაკვეთზე სამუშაოებს შპს AWARD-ი (3.65 მლნ ლარი) და შპს „ნიუკონსი“ (3.854 მლნ ლარი) განახორციელებენ.

GWP-ის კონტრაქტორი ადგილზე მილების შეცვლას 12.5 მილიონი ლარის ინვესტიციით ახორციელებს.

„თბილისი ენერჯის“ კონტრაქტორი ქსელის განახლებაზე 3 მილიონ ლარს დახარჯავს.

banner
წინა სტატიაშინეპალში წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 270-მდე გაიზარდა
შემდეგი სტატიამამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს და პოლიტიკიდან მიდის