თბილისის მერიამ დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკა წარადგინა

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, ვიცე-მერთან, ირაკლი ხმალაძესთან ერთად, საზოგადოებას ახლადშემუშავებული სატრანსპორტო პოლიტიკა წარუდგინა. სატრანსპორტო პოლიტიკის მიზანი დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვა და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის შემცირებაა.
პოლიტიკა ორიენტირებულია ქვეითების უსაფრთხო გადაადგილებასა და საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე. აღნიშნული ამოცანების შესასრულებლად, 2019 წლის ბოლოს, ამორტიზებული ავტობუსების სრულად ჩანაცვლება, ხოლო 2020 წლისთვის ახალი ავტობუსების რაოდენობის 900 ერთეულამდე გაზრდა იგეგმება.

„სატრანსპორტო პოლიტიკა და ამ მიმართულებით არსებული გამოწვევების დაძლევა ჩვენი დედაქალაქისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ამოცანაა. ტრანსპორტი არსებობს იმისთვის, რომ მოგვემსახუროს და არა იმისთვის, რომ გადაადგილებისა და ჯანმრთელობის პრობლემები შეგვიქმნას. ყველამ კარგად ვიცით, თუ რა მდგომარეობაა ეკოლოგიური თვალსაზრისით და ტრანსპორტს, ამ მიმართულებით, განსაკუთრებული როლი აქვს. ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების დონეზე დაგეგმილი გვაქვს, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები, რომლის შემდეგაც, ქალაქის საცობებისგან მაქსიმალურად განტვირთვას და ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლის მნიშვნელოვნად შემცირებას ვგეგმავთ. ჩვენი პრიორიტეტი საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარება, მისი მოხმარების ზრდა და პარალელურად, კერძო სატრანსპორტო საშუალებების შემცირებაა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა პრემიერ-მინისტრს, ცენტრალურ ხელისუფლებასა და პარლამენტს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ 2018-2019 წლებში, ყვითელი ავტობუსები ახალი, თანამედროვე, ევროპული ტიპის ავტობუსებით სრულად ჩანაცვლდება.

„დიდი მადლობა პრემიერს მხარდაჭერისთვის, იმიტომ, რომ საკმაოდ დიდ თანხებთან არის ეს ყველაფერი დაკავშირებული. დღეს ავტოპარკში ყვითელი ავტობუსების რაოდენობა ჭარბობს, მაგრამ გარწმუნებთ, რომ 2019 წელს, ახალი, ევროპული ტიპის ავტობუსები გვეყოლება და ყვითელი ავტობუსები მთლიანად ჩანაცვლდება. ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ საზოგადოებრივი ტრანსპორტი უფრო კომფორტული გავხადოთ და ყველამ უარი ვთქვათ კერძო ავტომობილებზე“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

დედაქალაქის სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების მხრივ, დეტალურად, თბილისის ვიცე-მერმა ისაუბრა და ის ძირითადი მიმართულებები წარადგინა, რომელიც ქალაქში, უახლოეს წლებში იგეგმება. კერძოდ, 2019 წელს განახლდება მეტროს, ავტობუსებისა და მიკროავტობუსების მარშრუტები და მოხდება მათი სინქრონიზაცია, რის შედეგადაც, ოპტიმალურად განაწილდება მგზავრთა ნაკადები და გაიზრდება საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობა.

2021 წლამდე, რუსთაველის, წერეთლის, ყაზბეგის, ვაჟა-ფშაველას გამზირებზე, ასევე, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩებზე ავტობუსის ზოლები მოეწყობა; 2019-2021 წლებში, მეტროს 12 ახალი შემადგენლობა დაემატება, ხოლო ავტობუსებისა და მეტროს განვითარების პარალელურად, იგეგმება მიკროავტობუსების რაოდენობის შემცირება და მათი სრულად განახლება.

სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, მიმდინარე წლიდანვე, სავალდებულო ხდება ტაქსების რეგისტრაცია, ხოლო 2019 წლიდან რეგულირება შეეხება მარჯვენასაჭიან, ორკარიან და განსხვავებული ფერის ტაქსებს. აღნიშნული რეგულაციების მიზანია, მგზავრთა კომფორტული და უსაფრთხო გადაადგილება.

2019 წლის პირველი ნახევრიდან, რამდენიმე ცენტრალურ უბანში პარკირების საათობრივი და ზონალური მართვის სისტემის საპილოტე პროგრამა ამოქმედდება. პარკირების რეგულირების მიზანი სატრანსპორტო ნაკადების ოპტიმალური მართვაა. ამავე მიზნით, იგეგმება ნაკადების მართვის „ჭკვიანი“ სისტემის ამოქმედება, რაც „ჭკვიანი“ შუქნიშნების მეშვეობით, მონაცემების შეგროვებას, სატრანსპორტო ნაკადების უკეთეს გადანაწილებასა და მოძრაობის ორგანიზების ოპტიმიზაციას გულისხმობს.

სატრანსპორტო პოლიტიკის პრეზენტაციას პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძე, მინისტრთა კაბინეტის წევრები, საკრებულოსა და პარლამენტის დეპუტატები, ასევე, ბიზნესომბუდსმენი, დიპლომატიური კორპუსის, არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები და დარგის ექსპერტები ესწრებოდნენ.

banner
წინა სტატიაში„ფოთში დაკავებული პოლიციელი სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა“ – ნათია მეზვრიშვილი
შემდეგი სტატიათბილიში პარკირების გადასახადი იზრდება