თბილისის მერიამ და ჯანდაცვის სამინისტრომ ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების პროექტი დაიწყო

დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესთან ერთად, ვაქცინაციის მიზნით აღჭურვილი ავტობუსები დაათვალიერა.
კახა კალაძის თქმით, თბილისის მერია მაქსიმალურად შეუწყობს ხელს ვაქცინაციის პროცესს.
„ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია. მინდა, ჯანდაცვის სამინისტროს, მინისტრს, ქალბატონ ეკატერინე ტიკარაძეს მადლობა გადავუხადო ამ მნიშვნელოვანი წამოწყებისთვის.
დღეს, ყველაზე მთავარი რაც არის ამ ომში, არის ვაქცინაცია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ადამიანებს მივცეთ შესაძლებლობა, რაც შეიძლება მეტი აიცრას, იმისთვის, რომ დავიცვათ ერთმანეთის ჯანმრთელობა და სიცოცხლე.
ჩვენ, ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, ყველანაირად შევუწყობთ ხელს ამ პროცესს. პირველ ეტაპზე გამოყოფილია სამი ავტობუსი და ეს რიცხვი გაიზრდება ათამდე, რათა თითოეულ რაიონში ერთი ავტობუსი გადაადგილდებოდეს და იქ მცხოვრებ ადამიანებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ საკუთარი რაიონიდან გაუსვლელად აიცრან.
ავტობუსები მაქსიმალურად კომფორტული და კეთილმოწყობილია, ასევე, არის ადაპტირებული. სამედიცინო თვალსაზრისით, ამ ავტობუსებში ყველაფერია მოწყობილი. ჩემი თხოვნა და თუნდაც, მოწოდება იქნება, რომ რაც შეიძლება ბევრმა ავიცრათ და გავუფრთხილდეთ ერთმანეთის ჯანმრთელობას“, – განაცხადა კახა კალაძემ.
ვაქცინაციის მოძრავი პუნქტების პროექტი, იმუნიზაციის ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ჯანდაცვის სამინისტრომ თბილისის მერიასთან ერთად დაიწყო.
დღეიდან, მოქალაქეები სასურველი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით მათთვის მოსახერხებელ ადგილზე სწორედ აღნიშნულ მოძრავ პუნქტებში აიცრებიან.
ვაქცინაციის სივრცე თბილისის მუნიციპალიტეტის სამგზავრო ავტობუსებში მოეწყო, სადაც რესპუბლიკური საავადმყოფოს ამცრელი ბრიგადები ვაქცინაციას დადგენილი წესის მიხედვით უზრუნველყოფენ.
ვაქცინაციის მოძრავ პუნქტში მოქალაქეები სერვისს წინასწარი რეგისტრაციის გარეშე მიიღებენ. იმუნიზაცია „სინოვაკის“, „სინოფარმისა“ და „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი. მუნიციპალურ ტრანსპორტშივე იქნება მოწყობილი შემდგომი დაკვირვების სივრცეც.
იმუნიზაციის პროცესი დღეიდან ვარკეთილში, გლდანსა და სადგურის მოედანზე დაიწყება.
ვაქცინაციისთვის განკუთვნილი ახალი მომსახურება მსოფლიო ბანკის Covid-19 წინააღმდეგ სწრაფი რეაგირების პროექტის ხელშეწყობით ხორციელდება.

banner
წინა სტატიაშიGlobal Finance-მა საქართველოს ბანკი ქვეყანაში საუკეთესო კორპორაციულ ციფრულ ბანკად დაასახელა
შემდეგი სტატიაჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რასაც ევროპა და ევროკავშირი ჰქვია