თბილისის მერია უფასო სასადილოებთან დაკავშირებით, გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს

თბილისის მერია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის მიერ გაკეთებულ განცხადებას პასუხობს.

დედაქალაქის მერია პოლიტიკური პაერტიების წარმომადგენლებს მოუწოდებს, საზოგადოებას სიცრუეში ნუ შეიყვანენ, განსაკუთრებით კი, ისეთი სენსიტიური თემებით, როგორიც მაგალითად, უფასო სასადილოების საკითხია.

„ჩვენ კარგად გვესმის, რომ პოლიტიკური პარტიები, განსაკუთრებით კი „ნაციონალური მოძრაობა“ და პარტიის სატელიტი გაერთიანებები გადადიან წინასაარჩევნო რეჟიმზე და მათი წინასაარჩევნო კამპანიაც სიცრუესა და მერიის საქმიანობის დისკრედიტაციაზეა აგებული, თუმცა, გვსურს კიდევ ერთხელ მოვუწოდოთ მათ, ნუ შეიყვანენ მოქალაქეებს შეცდომაში, განსაკუთრებით კი, ისეთ სენსიტიურ თემებთან დაკავშირებით, როგორიც მაგალითად უფასო სასადილოებია.

ცნობისთვის, ამ შემთხვევაში, უფასო სასადილოებთან დაკავშირებით საუბრობენ ადამიანები, რომელთა მმართველობის პერიოდშიც სასადილოების ბენეფიციარებს საკვების მიღება უწევდათ ანტისანიტარულ და არაჰიგიენურ პირობებში და გარდა ამისა, აღსანიშნავია, რომ ეს ყველაფერი ხდებოდა უკონტროლოდ, ყოველგვარი წარმოების გარეშე, მაშინ როდესაც ამ ყველაფრის ნაცვლად თბილისის მერიამ სოციალურად დაუცველებს შესთავაზა საკვების მაღალი ხარისხი, ბენეფიციართა აღრიცხვიანობის მოწესრიგებული სისტემა და კეთილმოწყობილი სივრცეები. ამას მოწმობს არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ მიერ 2016 წელს გაკეთებული ანგარიშიც, სადაც ნათქვამია, რომ დედაქალაქის ამჟამინდელი მმართველობის პირობებში საგრძნობლად გაუმჯობესდა უფასო სასადილოებში სანიტარული და ჰიგიენური მდგომარეობა, საკვების ხარისხი, მოწესრიგდა ბენეფიციართა აღრიცხვიანობა, ხორციელდება მუდმივი მოტინორინგი, კეთილმოეწყო სასადილოების შენობები და შეიცვალა ინვენტარი. ამასთან, დასკვნაში აღნიშნულია, რომ სანიტარულ–ჰიგიენური ვითარების გაუმჯობესების გამო, სასადილოების მომსახურების მიღებაზე მოთხოვნა გაიზარდა.

რაც შეეხება ე.წ. კორუფციულ გარიგებებს, რომელშიც როგორც გაკეთებული განცხადებიდან ჩანს, კარგად თავადაც ვერ გაერკვია პოლიტიკური გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ და მათი მთავარი მტკიცებულებები სოციალურ ქსელში დაწერილ სტატუსებს ეფუძნება, ვფიქრობთ არასერიოზულია და მათი მმართველობის პერიოდისგან განსხვავებით, რეალური ეჭვების არსებობის შემთხვევაში შეუძლიათ საგამოძიებო უწყებებს მიმართონ. მანამდე კი, კიდევ ერთხელ შევახსენებთ საზოგადოებას, თუ რა ხდებოდა უფასო სასადილოებში დედაქალაქის წინა მმართველობის პერიოდში და როგორი მდგომარეობაა ახლა“, – ნათქვამია მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

თბილისის მერია პოლიტიკურ გაერთიანება „სამოქალაქო პლატფორმა ახალი საქართველოსთვის“ მოუწოდებს, ნუ შეეცდებიან, მერიის წარმატებულ საქმიანობას სიცრუე, დეზინფორმაცია და გადაუმოწმებელი, გაურკვეველი წარმომავლობის ეჭვებზე დაფუძნებული ტყუილები დაუპირისპირონ.

„ამ ყველაფერს, ყოველ ჯერზე, თბილისის მერია სიმართლეს დაუპირისპირებს და თვალსაჩინოებისთვის კიდევ ერთხელ შეახსენებს თბილისელებს „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის პერიოდში იმავე სფეროებში არსებულ უმძიმეს ვითარებას“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.

banner
წინა სტატიაში“არც 9 წელს გახსენებთ, არც ხალხის ქუჩაში დახოცვას”- კობახიძე რატანს
შემდეგი სტატიასაზოგადოებრივი მოძრაობა “დაიცავი კონსტიტუცია” შეხვედრებს ქუთაისში განაგრძობს