თბილისის მერია სასწავლო, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას გააგრძელებს

თბილისის მერია სასწავლო, სამედიცინო და სხვა მუნიციპალური პროგრამების სახელფასო დაფინანსებას გააგრძელებს, – ამის შესახებ ბრიფინგზე დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ განაცხდა.

„ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციისა და მოსახლეობის დამატებითი რისკებისგან დაცვის მიზნით, თბილისის მუნიციპალიტეტი ინტენსიურ რეჟიმში მუშაობს და ეძებს გზებს, ვირუსის გავრცელების პრევენციის პარალელურად, როგორ შეიძლება შევუმსუბუქოთ მდგომარეობა ჩვენს მოსახლეობას.

როგორც იცით, ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების გატარების მიზნით, დროებით შეჩერებულია სასწავლო პროცესი და რიგი სასწავლო, სამედიცინო თუ სხვა ტიპის მუნიციპალური პროგრამების მუშაობა.

თბილისის მერია ითვალისწინებს შექმნილ მდგომარეობას და იმის გამო, რომ ამ პროგრამებში და დაწესებულებებში დასაქმებული ადამიანები ამ რთულ სიტუაციაში შემოსავლის გარეშე არ დარჩნენ, უწყვეტად განვაგრძობთ ამ პროგრამების (სახელფასო) დაფინანსებას.

კერძოდ, მომსახურების შეჩერების მიუხედავად, გაგრძელდება – არამუნიციპალური სპორტული სკოლების, საცურაო აუზებისა და აუტისტური სპექტრის მქონე ბავშვთა რეაბილიტაციის ცენტრების პედაგოგ-მასწავლებლების ხელფასების დაფინანსება, რომელიც გაიცემა იმ პირობით, რომ COVID 19-ის გავრცელებით გამოწვეული საფრთხის პერიოდის დასრულების შემდეგ, პედაგოგ-მასწავლებლებმა უნდა აანაზღაურონ ყველა გაცდენილი საათი.

გარდა ამისა, გაგრძელდება სოციალურად დაუცველი, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე მოსწავლეების, ასევე, არამოთხოვნადი სპეციალობებით დაინტერესებული მოსწავლეების პროგრამის დაფინანსება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.

მისივე თქმით, სწავლების შეჩერების მიუხედავად, გაიცემა მერიის ბალანსზე არსებულ კულტურული, სპორტული, საგანმანათლებო და ახალგაზრდულ ცენტრებში დასაქმებული პერსონალის – მწვრთნელებისა და პედაგოგების მარტის თვის სახელფასო ანაზღაურება. მათ შორის საუბარია ხელოვნების სკოლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სახლების, მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის პედაგოგებზეც.

„ჯამში, ამ გადაწყვეტილებით, ჩვენ უზრუნველვყოფთ თბილისის მუნიციპალურ პროგრამებში ჩართული 2500-დე პედაგოგის, მწვრთნელის და თერაპევტის ხელფასების დაფინანსებას, რომლებიც სასწავლო პერიოდში, ყოველთვიურად დაახლოებით 25 ათასამდე ბავშვსა და ახალგაზრდას ემსახურებიან.

ჩვენი ხელისუფლებისთვის, ჩვენი გუნდისთვის უპირველესი მიზანი მოქალაქეების ჯანმრთელობა და მათზე ზრუნვაა, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ვირსუსის გავრცელებას ეკონომიკური ეფექტებიც მოყვება, რასაც ზემოთ ჩამოთვლილი ინიციატივები შეამსუბუქებს და დასაქმებულ ადამიანებს, სხვადასხვა სერვისის მიმწოდებელ სამსახურებს დაფინანსებას სრულად შეუნარჩუნებს“, – განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის პრესსპიკერი – საბჭომ რეკომენდაცია მისცა 70 წელს გადაცილებულ საქართველოს მოქალაქეებს, მაქსიმალურად მოერიდონ ყველა თავშეყრის ადგილს და მაქსიმალურად შეეცადონ საკუთარი თავის იზოლაცას
შემდეგი სტატიათეა წულუკიანი: იუსტიციის სახლებში რიგებში ერთმანეთისგან მინიმუმ 1-მეტრიანი დისტანცია დაიცავით