თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2020 11:45

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს

თბილისის მერია მთაწმინდის საბაგიროს აღადგენს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, საბაგიროს აღდგენა ამ დრომდე გარკვეული პრობლემების გამო ვერ მოხერხდა, თუმცა ამ ეტაპზე, ეს პრობლემები აღმოფხვრილია. კერძოდ, ადგილობრივ მოსახლეობასთან განსახლების საკითხზე შეთანხმება მიღწეულია.

„ალბათ, ყველას კარგად გახსოვთ მთაწმინდის საბაგირო, რომელმაც 1990 წელს შეწყვიტა ფუნქციონირება. ამ საბაგიროს აქვს ერთკილომეტრიანი მარშრუტი მეცნიერებათა აკადემიიდან მთაწმინდის პარკამდე. აღნიშნული საბაგიროს აღდგენაზე მუშაობა რამდენიმე წლის წინ დაიწყო, თუმცა შემდეგ შეჩერდა, რადგან არსებობდა გარკვეული პრობლემები. როდესაც მერიაში ჩვენი უფლებამოსილების განხორციელებას შევუდექით, ამ საკითხზე მუშაობა პირველი დღიდან დავიწყეთ. პრობლემები იყო ბევრი მიმართულებით, თუმცა ჩვენ თანმიმდევრულად შევუდექით პროექტის განხორციელებას. მისი ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი იყო ადგილობრივი მოსახლეობის განსახლების საკითხი. შემიძლია თამადად ვთქვა, რომ ყველა ოჯახთან შეთანხმება მიღწეულია და შესაბამისად, ეს პროექტი აუცილებლად განხორციელდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისი თქმით, უახლოეს მომავალში მუნიციპალიტეტი მთაწმინდის საბაგიროს აღდგენის პროექტის განხორციელებისთვის შესაბამის ტენდერს გამოაცხადებს, ხოლო უშუალოდ აღდგენას დაახლოებით, ორი წელი დასჭირდება.

„პროექტი უკვე მზად გვაქვს. გამოვაცხადებთ ტენდერს, რომ შევარჩიოთ მშენებელი კომპანია, ვინც უშუალოდ პროექტს განახორციელებს. დაახლოებით, წელიწადნახევარი-ორი წელი დასჭირდება მთლიანად პროექტის განხორციელებას. რაც შეეხება საბაგიროს ინფრასტრუქტურას, იქნება წრიული ტიპის, 21-გონდოლიანი. მისი საშუალებით, ერთკილომეტრიანი მანძილის დაფარვა ოთხ წუთში იქნება შესაძლებელი, ხოლო საათში 1 100 ადამიანის გადაყვანას შეძლებს. ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, რადგან მოქალაქეებს, რომლებიც აუცილებლობისა და საჭიროების გამო მთაწმინდის პარკში ადიან, ავტომობილებით გადაადგილება აღარ დასჭირდებათ“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.

მისივე განცხადებით, პროექტის ღირებულება, დაახლოებით, 50 მილიონი ლარია.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე სექტემბერი 30, 2020 11:45