თბილისის მერია მოვაჭრეების პროტესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერიის ინფორმაციით, თამარ მეფის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორია, შპს „TCS“-ს იჯარით აქვს აღებული და მისთვის საიჯარო ქირის გაზრდა არ მომხდარა.

“დღეს „TCS“ შპს-ს დირექტორმა, ჯემალ გიგუაშვილმა, რომელსაც იჯარით აქვს აღებული თამარ მეფის გამზირზე არსებული მიწისქვეშა გადასასვლელის ტერიტორია, მისივე ქვემოიჯარეებს განუცხადა, რომ აპირებდა იჯარის ქირის გაზრდას მომდევნო წლის იანვრის თვიდან, რამაც გამოიწვია მოვაჭრეთა უკმაყოფილება და საპროტესტო აქცია. გაცნობებთ, რომ კომერციული ფართი თამარ მეფის ქუჩაზე, რკინიგზის სადგურის მიმდებარედ, მოიჯარე შპს „TCS“-ზე თბილისის ქონების მართვის სააგენტოს მიერ 2011 წლის 24 თებერვალს პირდაპირი განკარგვის წესით იქნა გაცემული.

აღნიშნული ფართი 2021 წლამდე გაცემულია იჯარით, შესაბამისად ქვემოიჯარეებისათვის ქირის დაწესება წარმოადგენს მოიჯარის პრეროგატივას. ქ. თბილისის მერიას, მის წარმომადგენელ შპს „უძრავი ქონება-თბილისს“, შპს TCS მიმართ არ განუხორციელებია საიჯარო ქირის გაზრდა”, – ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ თბილისში თამარ მეფის მოედნის მიწისქვეშა გადასასვლელში მოვაჭრეებმა გზა გადაკეტეს. სავაჭრო წერტილების მფლობელები დახმარებას მერიას სთხოვენ. თამარ მეფის გამზირზე მათ აქციით იჯარის 30%-ით გაძვირება გააპროტესტეს. აქციის მონაწილეების განმარტებით, ფართებს ისინი მერიის კონტრაქტორი კომპანიისგან ქირაობენ.

 

banner
წინა სტატიაშისაქართველოს ხვალ ევროკომისარი იოჰანეს ჰანი ეწვევა
შემდეგი სტატიაგიორგი გახარია: თამბაქოს ნაწარმზე აქციზის ზრდის გეგმა წლის ბოლომდე გახდება საჯარო