თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს

region
ავტ.: region იანვარი 13, 2021 16:24

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცების დახმარებას აგრძელებს

თბილისის მერია მარტოხელა მოხუცებისა და სოციალურად დაუცველი სხვა კატეგორიის დახმარებას აგრძელებს. დახმარებისთვის განკუთვნილი კვების პროდუქტების დაფასოების პროცესს, დღეს, თბილისის მერი კახა კალაძე მოადგილე ილია ელოშვილთან ერთად დაესწრო.

პანდემიის პირობებში სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების საკვებით მომარაგების მიზნით, თბილისის მერიამ მილიონ 200 ათასი ლარი გამოყო. მთლიანობაში, აღნიშნული თანხის ფარგლებში 20 000 პაკეტი გაიცემა. ამ ეტაპზე, დროებით საწყობში 11 000 პაკეტი ინახება.

„ჩვენ ვაგრძელებთ ამ ძალიან მნიშვნელოვან პროექტს, რომელიც გულისხმობს პროდუქტების დარიგებას იმ ადამიანებისთვის, ოჯახებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ ამ პანდემიის პერიოდში. ეს პროექტი პანდემიის პირველი ტალღის დროს დაიწყო და ახლაც ვაგრძელებთ. საკვები პროდუქტები ახალ წლამდეც დავარიგეთ და ახლაც იმავეს ვაკეთებთ. მადლობა მინდა გადავუხადო ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს, რიგით მოქალაქეებს, ასევე, ჩვენი სამსახურის თანამშრომლებს, რომლებიც დასვენების დღეების მიუხედავად, დღე და ღამე მუშაობენ. პროდუქტს, პირველ რიგში, აფასოებენ და შემდეგ ის ოჯახებში რიგდება. ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. მე ბევრჯერ მითქვამს და ახლაც გავიმეორებ, რომ არავის დავტოვებთ პრობლემების პირისპირ, ყველას გვერდით დავუდგებით და დავეხმარებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დაფასოებული ნობათი თბილისის ათივე რაიონში გადანაწილდება, შემდეგ კი გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების მეშვეობით, სოციალურად დაუცველ მარტოხელა მოხუცებს დაურიგდებათ.

region
ავტ.: region იანვარი 13, 2021 16:24