თბილისის მერია დროებით შეზღუდავს იმ სერვისებზე ხელმისაწვდომობას, რომლის მიღებაც ხალხმრავლობასთან არის დაკავშირებული

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები კორონავირუსთან დაკავშირებით ვითარებას სრულად აკონტროლებენ.

კალაძის თქმით, ვინაიდან მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, მთელ მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში საჭიროა შესაბამისი ღონისძიებების გატარება.

კალაძის განმარტებით, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია სათანადო ღონისძიებები გაატარება დედაქალაქის მერიაშიც.

აქედან გამომდინარე, კახა კალაძის განმარტებით, პირველ ეტაპზე მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომლის მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი.

აღნიშნულის გათვალისწინებით, მერის თქმით, დროებით, ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან გარკვეული სერვისების მიწოდება შეიზღუდება.

„მოგეხსენებათ, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ახალი კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა, რაც მთელს მსოფლიოში და მათ შორის საქართველოში შესაბამისი ღონისძიებების გატარებას მოითხოვს. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ საქართველოს მთავრობა, შესაბამისი სამსახურები სრულად აკონტროლებენ ვითარებას. იცით, რომ შექმნილია პრემიერის ხელმძღვანელობით უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო, სადაც სხვადასხვა უწყებები არიან გაწევრიანებული, ყოველდღიურ რეჟიმში ხდება რეკომენდაციების მიღება, კონკრეტული დავალებების ჩაშლა და მისი აღსრულება. მთავარია, რომ თითოეულმა ჩვენგანმა გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა, როგორც საკუთარი თავის, ისე საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვისთვის. ცოტა ხნის წინ, პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას აცნობა, ამ ეტაპზე, ვირუსის გავრცელების პრევენციისთვის, საჯარო სამსახურებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ მთელი ქვეყნის მასშტაბით. ბუნებრივია, შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, აუცილებელია, რომ სათანადო ღონისძიებები გაატაროს დედაქალაქის მერიამაც.

პირველ ეტაპზე მერიაში დაგეგმილია იმ ტიპის სერვისებზე ხელმისაწვდომობის შეზღუდვა, რომელი მომსახურების მიღებაც დაკავშირებულია ხალხმრავლობასა და ისეთ გარემოსთან, სადაც შედარებით მაღალია ვირუსის გავრცელების რისკი. აღნიშნულის გათვალისწინებით, დროებით ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მხრიდან შეიზღუდება შემდეგი სერვისების მიწოდება: მიწის ლეგალიზაციის თაობაზე განაცხადების მიღება და უფასო იურიდიული დახმარების გაწევა;

მინდა, დავავალო ჩემს მოადგილეებს, საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელებს, გამგებლებს, რომ თანამშრომლებს მისცეთ შესაძლებლობა, დისტანციურად მუშაობის. თუ არ არის აუცილებელი, სამსახურში მოვიდეს, აქვთ შესაძლებლობა, დისტანციურად იმუშაონ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ხელფასებზე არ აისახება და არანაირი პრობლემა არ ექნებათ ამ მიმართულებით.

სიტუაციის გაუმჯობესებამდე აღარ ჩატარდება ისეთი ტიპის კომისიების და საბჭოს სხდომები, რომელზე დასწრებაც ჩვენს მოქალაქეებს უწევთ, ასეთებია: თბილისის მერიაში შემოსული ადმინისტრაციული საჩივრების განხილვა( ზეპირი მოსმენის სხდომები); პირის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის სხდომები; თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მოხელეთა ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსების ჩატარება; კულტურული მემკვიდრეობის დაცვისა და ისტორიული საბჭოს სხდომები; კულტურული ღონისძიებების დაფინანსების თაობაზე კომისიის სხდომები; ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერთან არსებული თვითნებურად დაკავებულ მიწაზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის სხდომები; დაუმთავრებელ მშენებლობებთან დაკავშირებული საკითხების განმხილველი კომისიის სხდომები ; შეიზღუდება ასევე არქიტექტურისა და ურბანული სამსახურის მიმართულება – ამ კუთხით მომსახურების გაწევა შესაძლებელი იქნება ელექტრონულად, დისტანციურად და პრობლემა არ იქნება“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

კალაძე ამბობს, რომ აღნიშნული შეზღუდვები გავრცელდება მერიის ცენტრალურ ოფისსა და ათივე სერვის ცენტრში.

„ამასთან, მინდა, ვთხოვო და მოვუწოდო ჩვენს მოქალაქეებს, მაქსიმალურად შეიკავონ თავი ხალხმრავალ ადგილებში მისვლისგან, მათ შორის მუნიციპალური და სახელმწიფო სერვისცენტრების მომსახურებით სარგებლობისგან, თუ ამის უკიდურესი აუცილებლობა არ დგას.

დასასრულს აღვნიშნავ იმასაც, რომ თუკი ვირუსის მართვის კუთხით დადგა გარკვეული საჭიროება, მუნიციპალიტეტი მზადაა, გაატაროს დამატებითი ღონისძიებები. ჯანმრთელობას ვუსურვებ ჩვენს მოსახლეობას და კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველას, ყველანაირი პანიკის გარეშე გამოვიჩინოთ მაქსიმალური პასუხისმგებლობა და განსაკუთრებული ყურადღება მივაქციოთ დარგის სპეციალისტების რჩევებსა და რეკომენდაციებს.

ჩვენ, რა თქმა უნდა, ყველაფერს გავაკეთებთ საკუთარი მოქალაქეების ვირუსის გავრცელების რისკისგან დასაცავად და რა თქმა უნდა, ყველა ერთად, აუცილებლად შევძლებთ, მსოფლიოს ამ გამოწვევას ღირსეულად ვუპასუხოთ“ ,- განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიინფექციურ საავადმყოფოში 17 პაციენტის ანალიზების პასუხებს ელოდებიან
შემდეგი სტატიაეკატერინე ტიკარაძე აცხადებს, რომ მისი თანაშემწე თვითიზოლაციაშია