თბილისის მერია – დამეწყრილი უბნის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან

მაჭავარიანის ქუჩასა და მიმდებარე ფერდებზე ბოლო წლებში განხორციელებული მოქმედებების შედეგად სტაბილიზაციაში მყოფი მეწყერული პროცესების ნაწილობრივ გააქტიურება მოხდა, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა.

როგორც ბენდელიანმა განაცხადა, აღნიშნულ ტერიტორიაზე დამეწყრილი უბნის შესწავლაში გერმანელი სპეციალისტები ჩაერთვებიან.

„ფაქტის დადგომასთან ერთად ოპერატიულ რეჟიმში მერიის შესაბამისი სამსახურები შესაბამის დარგის სპეციალისტებთან ერთად ჩაერთნენ ამ პრობლემის მოგვარებაში. 24-საათიან რეჟიმში მიმდინარეობს ამ პრობლემის მოგვარებაზე ღონისძიებები. არის რამდენიმე სახის რეკომენდაცია ექსპერტების მხრიდან, რომ პირველ რიგში მომხდარიყო მაჭავარიანის ქუჩის ჩაკეტვა, რაც რამდენიმე დღის წინ მერიამ მოსახლეობას შეატყობინა და მოხდა ამ ქუჩის გადაკეტვა. ასევე მათი რეკომენდაცია არის, რომ მოხდეს ამ მეწყერული პროცესების მონიტორინგი. რაც უკვე მიმდინარეობს პირველივე წუთიდან. ასევე მათი რეკომენდაციაა, რომ მოხდეს დეტალური კვლევა-პროექტირება და სწორედ ამის შემდგომ მოხდეს შესაბამისი სამუშაოების განხორციელება.

უკვე ვართ კვლევა-პროექტირების ეტაპზე, რაც უახლოეს პერიოდში დასრულდება. უახლოეს დღეებში გვექნება პირველადი მონაცემები, თუ რასთან გვაქვს საქმე, რა ღონისძიებები უნდა გაკეთდეს. ასევე დამატებით გეტყვით, რომ მომდევნო კვირაში ჩვენ გერმანელი ექსპერტები გელოგ-ტექნარები, თვითონ ამ მიმართულებით ვინც არიან, ესენი ჩამოგვყავს. მათი აზრიც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ისინიც უშუალოდ იქნებიან ამ პროცესში ჩართულები“,- განაცხადა ბენდელიანმა.

მისივე თქმით, მაჭავარიანის ქუჩა მას შემდეგ გაიხსნება, რაც დარწმუნდებიან, რომ გადაადგილება სრულიად უსაფრთხო იქნება.

„მოსახლეობას მინდა, ვუთხრა, რომ ახლა პირველი რიგის ამოცანა არის, რომ მაჭავარიანის ქუჩის გახსნა მოხდეს რაც შეიძლება მალე, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ მას შემდგომ, რაც დარწმუნებულები ვიქნებით, რომ ამ ქუჩაზე გადაადგილება იქნება სრულიად უსაფრთხო“,- აღნიშნა ბენდელიანმა.

თბილისში, მაჭავარიანის ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა 16 მარტს ორმხრივად შეიზღუდა. აღნიშნულის შესახებ განცხადება თბილისის მერიამ გაავრცელა.

banner
წინა სტატიაშისანდრო რაქვიაშვილი – არასდროს ვუჭერდით მხარს არც ირაკლი კობახიძის განცხადებას, არც მიხეილ სააკაშვილის მუქარებს ევროპელი მეგობრების მიმართ
შემდეგი სტატიასალომე ზურაბიშვილმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია გაიკეთა