თბილისის მერია და „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ

14 აპრილს თბილისის მერია და იუნესკო-ს პროექტი „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქი“ სახელმწიფო ენის დღეს აღნიშნავენ. ღონისძიებას თბილისის მერის მოადგილე, ანდრია ბასილაია დაესწრება.

კულტურის ცენტრ „ფაბრიკაში“ (ნინოშვილის ქ. N8), დაგეგმილია ღონისძიებების სერია, რომელიც აერთიანებს სალექციო და სამუშაო ხასიათის შეხვედრებს, ასევე, აქტივობებს ბავშვებისთვის.

მთავარი პანელდისკუსიის მონაწილეები, თამარ მახარობლიძე და გია ალიბეგაშვილი, 1978 წლის 14 აპრილის მოვლენებს გაიხსენებენ. შეხვედრის მოდერატორია მწერალი და ჟურნალისტი, ნესტან ნენე კვინიკაძე. დისკუსიის დაწყებამდე, წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი ამ დღის მნიშვნელობის შესახებ.

მწერლები თამთა მელაშვილი და დათო გაბუნია, შემოქმედებითი წერის თაობაზე ისაუბრებენ, ხოლო რედაქტორი ანა ჭაბაშვილი და ლიტერატურის კრიტიკოსი, ლევან ბრეგაძე, ენის გათანამედროვების საკითხებს მიმოიხილავენ.

პარალელურად, დაგეგმილია სასწავლო შეხვედრები და ლექციები ბავშვებისა და მოზრდილებისთვის:

• ილუსტრაცია – თათია ნადარეიშვილი, ეკა ტაბლიაშვილი;
• კალიგრაფია – დავით მაისურაძე, ლეილა ბაღბაია, ნინო იკაშვილი, გიორგი გორგიაშვილი;
• კომიქსის შექმნის ხელოვნება – დათო მაჭავარიანი (კაკადუ);
• ტიპოგრაფია – აკაკი რაზმაძე;
• წიგნი 14 აპრილის შესახებ (კვლევაზე მუშაობის პროცესი) – ანა ბაქანიძე;
• თეატრალიზებული ზღაპრების კითხვა ბავშვებისთვის;

ღონისძიება ქვეყანაში არსებული რეგულაციების სრული დაცვით, 14:30-დან 19:00 საათამდე გაიმართება. თითო შეხვედრაზე მაქსიმუმ 15 მსმენელი დაიშვება. ამისთვის, მსურველებმა წინასწარი რეგისტრაცია უნდა გაიარონ „ფეისბუქის“ „თბილისი – წიგნის მსოფლიო დედაქალაქის“ ოფიციალურ გვერდზე (Tbilisi – World Book Capital)

banner
წინა სტატიაშინიკა მელია – შეუშვით მაგ ჩურჩუტ თავებში, რომ ბრძოლაში ვარ დიდი მიზნისთვის, ჩემი პატიმრობით ვაჭრობის ხარჯზე დათმობა არ იქნება
შემდეგი სტატიათიბისი და ვიზა სარესტორნო ბიზნესის მხარდასაჭერად