თბილისის მერია და “საქართველოს რკინიგზა” შემოვლითი რკინიგზის განსახორციელებლად სამ შესაძლო ვარიანტზე მუშაობს

თბილისის მერია და “საქართველოს რკინიგზა” თბილისში შემოვლითი რკინიგზის განსახორციელებლად სამ შესაძლო ვარიანტზე მუშაობს.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ლექვინაძემ და “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა დღეს თბილისის მერიაში შემოვლითი რკინიგზის პროექტთან დაკავშირებით ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.
როგორც პრესკონფერენციაზე დედაქალაქის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ განაცხადა, “საქართველოს რკინიგზამ” დედაქალაქის მერიას შემოვლითი გზის პროექტის განხორციელების სამი შესაძლო ვარიანტი შესთავაზა. ლექვინაძის თქმით, სამივე ვარიანტი აუმჯობესებს შემოვლითი რკინიგზის ეკონომიკურ პარამეტრს, თუმცა კონსულტანტ უცხოურ კომპანიასთან ერთად გენერალური გეგმის შემუშავების პროცესში გადაწყდება რომელი ვარიანტია უფრო მისაღები.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, მანამდე არსებული შემოვლითი რკინიგზის პროექტი გარკვეული ტექნიკურ-ეკონომიკური დასაბუთების გარეშე დაიწყო და სწორედ ამ ხარვეზების გამო გარკვეული პერიოდით შეჩერებული იყო. ამჟამად ამ პროცესში ჩართულია ავსტრიული საკონსულტაციო კომპანია, რომელმაც მათ შესთავაზა სამი ვარიანტი რკინიგზის პარამეტრების გასაუმჯობესებლად.
ირაკლი ლექვინაძის თქმით, “საქართველოს რკინიგზიდან” დღეს მიიღეს შემოთავაზება ამ ვარიანტების განხორციელების შესახებ.
“ამ სამ ვარიანტში ასახული პროცესები გადაცემული იქნა იმ გერმანული კომპანიისთვის, რომელიც თბილისში გენერალური გეგმის პროექტზე მუშაობს. გენერალური გეგმის მუშაობის პროცესში არჩეული იქნება სამი ვარიანტიდან საუკეთესო. სამივე ვარიანტი გააუმჯობესებს შემოვლით რკინიგზის ეკონომიკურ პარამეტრებს, თუმცა კონსულტანტებთან ერთად, რომლებიც გენერალური გეგმის შემუშავებაზე არიან ჩართული, შერჩეული იქნება საუკეთესო”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
მერის მოადგილემ ასევე ისუბრა, რომ მანამდე არსებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის პროექტის მიხედვით კორიდორის გამტარუნარიანობა 20%-ით მცირდებოდა, ხოლო საოპერაციო და მოვლა-შენახვის ხარჯები 10 წლის პერიოდზე გაანგარიშებით დაახლოებით 67%-ით იზრდებოდა.
ლექვინაძის განცხადებით, შემოვლითი რკინიგზის თბილისის გარეთ გატანის შემთხვევაში გამოთავისუფლებული სივრცეები შეიძლება გამოყენებული იყო სატრანსპორტო, ასევე სხვა ეკონომიკური აქტივობებისათვის.
თავის მხრივ პრესკონფერენციაზე “საქართველოს რკინიგზის” ინფრასტრუქტურის დირექტორმა გურამ გურამიშვილმა სამი შესაძლო ვარიანტის შესახებ ისაუბრა. კერძოდ, თუ რა განსხვავებებია მათ შორის და რამდენად მნიშვნელოვანი იქნება ამ სამი ვარიანტიდან ერთ-ერთის განხორციელება თბილისის შემოვლითი რკინიგზისათვის.
გურამ გურამიშვილის თქმით, საკონსულტაციო კომპანიის მიერ შეთავაზებული სამი ვარიანტიდან ერთი ვარიანტი ითვალისწინებს არსებული უკვე აშენებული შემოვლითი რკინიგზის ხაზის უმნიშვნელო რეკონსტრუციას. მეორე ვარიანტი მნიშვნელოვან რეკონსტრუქციას ითვალისწინებს რკინიგზის ტრასის, ასევე 11 კილომეტრზე ტრასის ცვლილება ხდება, ანუ უკვე აშენებულის მიტოვება და ახალი მშენებლობის განხორციელება. მესამე ვარიანტი კი, ასევე მცირეოდენ ცვლილებას ითვალისწინებს.
გურამ გურამიშვილის განცხადებით, შემოვლითი ტრასის მესამე ვარიანტის მიხედვით მინიმალური დოზით მოხდება უკვე აშენებული თბილისის შემოვლითი რკინიგზის რეკონსტრუქცია, ასევე ერთ მიმართულებაზე ქალაქში რკინიგზის ხაზი დარჩება.
“სამივე ვარიანტი ითვალისწინებს საშიშფეთქებადი ნავთობპროდუქტების ქალაქიდან გატანას”, – აღნიშნა გურამ გურამიშვილმა.
მისივე თქმით, ამ სამივე ვარიანტის მიხედვით, თბილისის რკინიგზის გამტარიანობა დაახლოებით 10-15%-ით შემცირდება. ასევე მცირდება საოპერაციო, რკინიგზის ინფრასტრუქტურის მოვლის და სხვა ხარჯები.
როგორც გურამ გურამიშვილმა აღნიშნა, პირველი ვარიანტი მათთვის უფრო მისაღებია და მისი განხორციელება დაახლოებით 303 მილიონი შვეიცარული ფრანკი დაჯდება. მეორე ვარიანტი 64 მილიონით უფრო აძვირებს პროექტს, ხოლო შემოვლითი რკინიგზის მშენებლობის მესამე ვარიანტი 140 მილიონი ლარით გააძვირებს პროექტს.
პრესკონფერენციის დასასრულს, თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ლექვინაძემ ასევე აღნიშნა, რომ თბილისს გენერალური გეგმა საბოლოო ფორმით 18 თვეში ექნება.

banner
წინა სტატიაშიიოჰანეს ჰანი: უმნიშვნელოვანესია მედიის თავისუფლება და ოპოზიციური პარტიებისთვის მედიის ხელმისაწვდომობა
შემდეგი სტატია213-ე ბაღში მომხდარ ინციდენტზე სისხლის სამართლის საქმე 2 მუხლით აღიძრა