თბილისის მერი – ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს

თბილისის მერმა კახა კალაძემ 2021 წელი შეაფასა და საკუთარ თანამშრომლებს თავდაუზოგავი შრომისთვის მადლობა გადაუხადა.

მუნიციპალიტეტის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2021 წელს სირთულეებითა და გამოწვევებით სავსე წელი უწოდა, რომელსაც მუნიციპალიტეტმა ბევრი მნიშვნელოვანი პროექტის განხორციელებით უპასუხა.

„დღეს ჩვენ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის ბოლო სხდომას ვმართავთ 2021 წელს. რთულია, ორიოდე სიტყვით შევაჯამო ეს წელი. მუნიციპალიტეტისთვის, ჩვენი მოსახლეობისთვის, ჩემთვის, ჩემი თანამშრომლობისთვის ის იყო ერთ-ერთი რთული, გამოწვევებით სავსე წელი, თუმცა, ამ გამოწვევების საპასუხოდ, ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა, ბევრი სასიკეთო საქმე გაკეთდა ამ ქალაქისთვის. უკვე მეორე წელია, რაც პანდემია მძვინვარებს და ბუნებრივია, ამან მსოფლიოს და მათ შორის, ჩვენი ქვეყნის დღის წესრიგი რადიკალურად შეცვალა. ამის მიუხედავად, ყოველდღიურად, ამ ქალაქის გაუმჯობესებისთვის მუშაობა არათუ არ შეგვიწყვეტია, გავაორმაგეთ ძალისხმევა და მეტი ენთუზიაზმით და ჩართულობით ყველაფერს ვაკეთებთ, რათა არსებულ გამოწვევებს ვუპასუხოთ. ამ პერიოდის განმავლობაში, იყო როგორც ყველასთვის მოსაწონი, ისე არაპოპულარული გადაწყვეტილებებიც, იყო ქება თუ კრიტიკა, მაგრამ ორივეს ვუდგებოდით ჯანსაღად და ვცდილობდით, მაქსიმალურად მეტი ინფორმაციის მიწოდებით, მეტი განმარტებით, სხვადასხვა უბანში მოსახლეობასთან ხშირი კომუნიკაციით, საზოგადოებამდე ჩვენი სათქმელი და საკეთებელი მიგვეტანა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა აქვე, საზოგადოებას მხარდაჭერისთვის მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა.

„მინდა, მადლობა გადავუხადო საზოგადოებას მხარდაჭერისა და თანადგომისთვის. ყველაფერს გავაკეთებთ მომდევნო წლების განმავლობაში, რათა ჩვენი წინასაარჩევნო დაპირებები შესრულებული იყოს პროექტების და პროგრამების სახით. მოგეხსენებათ, წელს იყო არჩევნებიც და მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ამომრჩეველს. მათ, ვინც მხარი დამიჭირეს და მათაც, ვინც სხვა არჩევანი გააკეთეს. ეს არის შესაძლებლობა, რომ პოლიტიკოსები, თანამდებობის პირები არ მოვდუნდეთ, არ შემოგვეპაროს თვითკმაყოფილება და ყოველდღიურად ვიმუშაოთ მოსახლეობის მოთხოვნებზე, მათ საჭიროებებზე. მინდა, მადლობა გადავუხადო მუნიციპალიტეტის მთავრობის წევრებს, ყველა სამსახურის, ყველა რგოლის თანამშრომლებს, რომლებიც თავდაუზოგავად შრომობენ უკეთესი თბილისისთვის, ისე, რომ მათ მოსახლეობა არც იცნობს. შეიძლება, ამ პროექტების განხორციელების დროს ყველაზე მეტად მე ვჩანდე, მაგრამ იცოდეთ, რომ ჩემი გუნდის და პირადად ჩემი სიძლიერე ჩემი თანამშრომლები, მათი პროფესიონალიზმი, მათი პატიოსნება და გაკეთებული საქმეებია. მინდა, ყველა მათგანს გულწრფელად მადლობა გადავუხადო“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერმა თანამშრომლებს და საზოგადოებას დამდეგი ახალი წელი მიულოცა.

„ვულოცავ თბილისის მუნიციპალიტეტის ყველა თანამშრომელს დამდეგ ახალ წელს. ვუსურვებ, მათ შრომას კიდევ უფრო მეტი თვალსაჩინო შედეგი მოყოლოდეს, რაც ბუნებრივია, ნიშნავს უფრო ლამაზ, უფრო სუფთა, მოწესრიგებულ, კომფორტულ და სერვისებზე ხელმისაწვდომ ქალაქში ცხოვრებას. ყველას გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს. მინდა, პირველ რიგში, მშვიდობა ვუსურვო ჩემს ქვეყანას. სულიერი სიმშვიდე გისურვოთ ამ ქვეყანაში მცხოვრებ ადამიანებს – ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული არ მოგვკლებოდეს. ვისურვებდი, უფრო მეტი სიყვარული მოეტანოს 2022 წელს“, – განაცხადა თბილისის მერმა.

banner
წინა სტატიაშისუბარი – გავიზიარეთ კრიტიკა, იგეგმება კონსულტაციები და კანონი მიიღება იმ ფორმით, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის თანამშრომლებს გარკვეული გარანტიები ჰქონდეთ
შემდეგი სტატია“ოცნებამ” “ლელოს” ალტერნატიული კანონპროექტი სახელმწიფო ინსპექტორზე, ისევ არ დაარეგისტრირებინა