თბილისის მერი ევროპულ ინსტიტუტებში საქართველოს დელეგაციების კონფერენციას დაესწრო

თბილისის მერი კახა კალაძე ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალურ მდივანთან, ანდრეას კიფერთან ერთად, ევროპულ ინსტიტუტებში (The Congress/CoE, Cemr, Corlear) საქართველოს დელეგაციების ერთობლივ კონფერენციას დაესწრო.

სასტუმრო „ჰოლიდეი ინნ“-ში გამართულ კონფერენციაზე დელეგაციების სამოქმედო სტრატეგიებზე, საქართველოში ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმებსა და დეცენტრალიზაციის პროცესის სიახლეებზე ისაუბრეს.

თბილისის მერმა, რომელიც საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის პრეზიდენტი და ასევე, ევროპის საბჭოს კონგრესში საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელია, შეკრებულ სტუმრებს სიტყვით მიმართა და თვითმმართველობის როლის გაძლიერებაზე ისაუბრა.

მისი თქმით, საქართველოს თვითმმართველობის წარმომადგენლები ევროპულ ინსტიტუტებში ევროპული ინტეგრაციის მნიშვნელოვან ინსტრუმენტს წარმოადგენენ.

„სემინარზე საუბარი ძირითადად, ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაძლიერებასა და ადგილობრივ თვითმმართველობაში მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდას შეეხო. ამ მიმართულებით, ბოლო წლების განმავლობაში, მნიშვნელოვანი დემოკრატიული რეფორმები განვახორციელეთ. აღნიშნულ რეფორმებს ევროპის საბჭოს მონიტორინგის მისიამ უმაღლესი შეფასება მისცა, თუმცა სამუშაო კიდევ ბევრი გვაქვს. აღსანიშნავია, რომ 2019 წელს საქართველო ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტების თავმჯდომარე ხდება, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ეს პლატფორმა სწორად გამოვიყენოთ. მაქსიმალურად შევუწყობთ ხელს იმ რეფორმების განხორციელებას, რომლის ვალდებულებებიც აღებული გვაქვს და რაც მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი ქვეყნის რეგიონების განვითარებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ევროპის საბჭოს ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლებების კონგრესის გენერალური მდივნის განცხადებით, კონგრესი საქართველოს ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობს, რაც ერთობლივი რეფორმების წარმატებით განხორციელებას უწყობს ხელს.

კონფერენციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი მაია ცქიტიშვილი, ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი კრისტიან ურსე, საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის ეროვნული ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი დავით მელუა, რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა გაბუნია და დედაქალაქის საკრებულოს წევრები დაესწრნენ.

banner
წინა სტატიაშიპრემიერის პრეროგატივაა, გადაწყვიტოს, რომელი მინისტრი რა პოზიციას დაიკავებს ან საერთოდ დაიკავებს თუ არა
შემდეგი სტატიანიკოლოზ ვაჩეიშვილი : ხორავას ქუჩაზე, მკვლელობის ადგილზე ოცამდე მოზარდი იქნებოდა, ხელჩართული ომი იყო