„ბუნებაში ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს“, – ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ კონკრეტული ტელეკომპანიის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომლის თანახმადაც, ერთ-ერთი დაკავებული მებაჟე საკუთარ ჩვენებაში ყვება, რომ კახა კალაძეს სამშენებლო ბიზნესში ფინანსური ინტერესები აქვს და ტვირთებზე, რომელიც ქვეყანაში შემოდის, საბაჟო დოკუმენტების ფალსიფიცირება ხდება.
„მცდელობა გაქვთ, სისულელეები გაავრცელოთ, სულ სპეკულაციებში და ინტრიგებში ხართ. მე ვაყალბებ დოკუმენტაციას? ამ სისულელეებს შეეშვით, ჩემი თხოვნა იქნება“, – განაცხადა კახა კალაძემ.
კითხვაზე – ჰქონდა თუ არა საგამოძიებო უწყებებს მასთან რაიმე სახის კითხვები, თბილისის მერი პასუხობს, რომ მისი ცხოვრების არცერთ ეტაპზე, არც სპორტში და არც პოლიტიკაში ყოფნის დროს, მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
„არა, არასდროს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ვერ ნახავთ ვერცერთ ფაქტს, ბუნებაში არ არსებობს, რომ კახა კალაძეს რაიმე კანონსაწინააღმდეგო ჩაედინოს ოდესმე – სპორტში, სპორტის მერე პოლიტიკაში. ვერ ნახავთ უბრალოდ მსგავს ფაქტს, რადგან არ არსებობს. სად უნდა ეძებოთ ასეთი ადამიანები, მაგასაც მიგასწავლით, რომელ კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიაში და ა.შ.“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.