თბილისის მერი აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დაუცველობისთვის ჯარიმების გამკაცრების ინიციატივით გამოდის

დედაქალაქის მერი კახა კალაძე თბილისში არსებული ობიექტების აბრებზე ქართული ენის გამოყენების სტანდარტის დარღვევის შემთხვევაში, საჯარიმო სანქციების გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

კახა კალაძემ მოადგილეებს უკვე დაავალა, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოსთვის გადასაცემად, საკანონმდებლო ცვლილებები მომზადდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ არსებობს კანონმდებლობით დადგენილი სტანდარტი და ყველა ობიექტს აქვს მათ აბრებზე ქართულენოვანი წარწერების განთავსების ვალდებულება, ეს არ სრულდება. ჯარიმები საკმაოდ დაბალია, ხოლო დაჯარიმების პროცედურა რთული და გრძელვადიანი. პირველ რიგში, უნდა ვცეთ პატივი საკუთარ ენას და დამწერლობას და ამის შემდეგ გვაქვს მორალური უფლება, იგივე მოვთხოვოთ სხვას. მინდა ვთხოვო ჩემს მოადგილეებს, მომზადდეს საკანონმდებლო ცვლილებები დაჯარიმებასთან დაკავშირებით და პარლამენტს გადაეგზავნოს. პარლამენტი მზადაა თანამშრომლობისთვის, რომ კიდევ უფრო გავამკაცროთ მიდგომები ამ მიმართულებით“, – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნული პრობლემის გამოსწორებისთვის სხვადასხვა ობიექტებს გონივრული ვადა მიეცემათ.
„მე ზედამხედველობის სამსახურს დავავალე, რომ ყველას, ფიზიკური პირი იქნება თუ იურიდიული, მისცეს გონივრული ვადა, რომ ეს ყველაფერი გამოსწორდეს. მგონია, რომ ეს პრობლემა ძალიან მალე მოგვარდება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშიარჩილ თალაკვაძე : „პოლიციელობა არის ურთულესი მისია, ძალიან სარისკო და საპასუხისმგებლო სამსახური“
შემდეგი სტატია“ხანძრის კერა მესამე სართულზე და ასევე, სარდაფში იყო” – მამუკა ყირიმელი