თბილისის მასშტაბით, ყველა ძირითად ლოკაციაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გზა გახსნილია

თბილისის მასშტაბით, ყველა ძირითად ლოკაციაზე საგზაო სამუშაოები დასრულებულია და გზა გახსნილია, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ დღესგამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მისი თქმით, დაპირება, რომელიც მერიამ გასცა და რომელიც ითვალისწინებდა სასწავლო წლის დაწყებამდე საგზაო სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულებას, შესრულებულია.

თბილისის მერის ცნობით, საგზაო სამუშაოები, საბოლოოდ, 25 ოქტომბრისთვის დასრულდება. „დღეს როგორც იყო დაპირება, დამთავრდა საგზაო სამუშაოები. შეიძლება ითქვას, რომ ბარათაშვილის აღმართი, კოსტავას ქუჩა და შარტავა მთლიანად გახსნილია. მოძრაობა შეუფერხებლად არის შესაძლებელი, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ სამუშაოები სრულად არის დამთავრებული. ჩვენ როგორც დავპირდით მოსახლეობას, რადგან ხვალ სწავლა იწყება, სამუშაოების პირველი ეტაპი დასრულდა. გზის საფარის პირველი ფენა ყველგან დაგებულია და ის ძირითადი მტკივნეული და რთული სამუშაოები ყველგან შესრულდა. რობაქიძის გამზირი მთლიანად დასრულდა. რაც შეეხება კოსტავას და შარტავას ქუჩებს, ასევე, ბარათაშვილის აღმართს, გაგრძელდება კეთილმოწყობის სამუშაოები. ეს ნიშნავს გზაგამყოფების მოწყობას, რომელიც ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების რჩევით კეთდება. კეთდება ავტობუსებისთვის შესაბამისი ზოლები, რომ გადაადგილება უფრო მარტივი, სწრაფი და კომფორტული იყოს. მოეწყობა ასევე, ბორდიურები, საფეხმავლო ბილიკები, ველობილიკი, გარეგანათებები შეიცვლება და სადენები, რომელიც არის ჰაერში, ყველა ჩავა მიწის ქვემოთ. მთლიანი სამუშაოები, დაახლოებით, 20-25 ოქტომბრისთვის დასრულდება ამ ლოკაციაზე, ყველგან. მთავარი და პრინციპული იყო ის, რომ გზა გახსნილიყო და გადაადგილება თავისუფლად ყოფილიყო შესაძლებელი, რადგან ხვალ სწავლა იწყება და დაპირება, რომელიც ჩვენგან იყო გაცემული, შესრულებულია“,- განაცხადა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშისოფელ კასრისწყალში გველმა მამაკაცს ფეხზე უკბინა
შემდეგი სტატიაუნდა გამოვხატოთ მადლიერება სასულიერო პირების მიმართ, ვინც აპროტესტებს ერის გადაშენების ნარკოკარტელურ გეგმას