თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი ისევ შეჩერდა

განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

პრევენციის მიზნით, თბილისის ხუთ სკოლაში სასწავლო პროცესი შეჩერდა. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით, სამი დღით სწავლა შეწყდა დედაქალაქის #81, #152, #112, #21 და #53 საჯარო სკოლებში.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია, რომ გრიპის ვირუსის გავრცელების პრევენციასთან დაკავშირებით, სკოლებში სასწავლო პროცესის მიმდინარეობაზე, სამინისტრო მონიტორინგს უწყვეტად აგრძელებს.

“2 და 3 თებერვალს განხორციელებული მონიტორინგის თანახმად, ავადობის გამო, სკოლის გაცდენების რაოდენობა მკვეთრი კლებისკენ მიდის. თუმცა, გამოკვეთილია რამდენიმე სკოლა, სადაც გუშინ და დღეს 20%-ზე მეტი გაცდენების რაოდენობა დაფიქსირდა.
მშობლებთან ინფორმაციის გადამოწმებით დადგინდა, რომ მოსწავლეთა ნაწილი სკოლაში ავადობის გამო არ დადის, მოსწავლეთა ნაწილის გაცდენები კი, პოსტ გრიპულ პერიოდს უკავშირდება. კერძოდ, პრევენციის მიზნით, იმ მოსწავლეების სკოლაში გაშვებას, რომლებიც გამოჯანმრთელდნენ, მშობლები ერიდებიან.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის რეკომენდაციით, იმ სკოლებში, სადაც ავადობის გამო გაცდენების რაოდენობა 20%-ს აღემატება, სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება პრევენციის მიზნით, 3 დღით სასწავლო პროცესის შეჩერებაზე. გაცდენილი საათები კი, შაბათი დღეების ხარჯზე ანაზღაურდება.

(სკოლების ჩამონათვალი იხილეთ სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე: www.mes.gov.ge)”, – აცხადებენ სამინისტროში.
უწყების განმარტებით, სკოლებში მოსწავლეთა დასწრების მონიტორინგი კვლავ განხორციელდება.

“სამინისტრო სკოლებს ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციისა და საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციების დაცვისკენ ისევ მოუწოდებს, რაც მოსწავლეთა დაავადების შემცირების აუცილებელი პირობაა”, – აღნიშნავენ უწყებაში.

banner
წინა სტატიაშიდიმიტრი ქუმსიშვილი პრეზიდენტის გამოსვლას ვერ დაესწრება
შემდეგი სტატია„ადამიანი უმადური არ უნდა იყო“ – რატომ უსაყვედურებს გოგი თოფაძე პრეზიდენტს?