თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კიდევ ერთი პაციენტი შეიყვანეს, რომელიც ჩინეთიდან 8 თებერვალს დაბრუნდა

როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აცხადებს, პაციენტის მონაყოლით, ავად ჩინეთში ყოფნის პერიოდში გახდა, სადაც ჩაუტარდა შესაბამისი კვლევები და კორონავირუსი არ დაუდასტურდა. თუმცა, პაციენტმა ჩამოსვლის შემდეგ დაბალი ტემპერატურის გამო მაინც მიმართა ინფექციურ საავადმყოფოს. მას ანალიზებს ხვალ დილით აუღებენ, რომელიც ლუგარის ლაბორატორიაში გაიგზავნება და პასუხი ხვალ, დღის განმავლობაში გახდება ცნობილი.

„კიდევ ერთი პაციენტი შემოვიდა ახლახანს. ეს არის ახალგაზრდა ვაჟი, 19 წლის, რომელიც ქართველია ეროვნებით, მაგრამ ჩინეთში იყო. იქ გახდა ავად 28 იანვარს და როგორც თვითონ ამბობს, იქ გამოურიცხეს კორონავირუსით ინფექცია. როგორც ჩვეულებრივი რესპირატორული ინფექცია, ისე გამოუშვეს. აქ ჩამოვიდა 8 თებერვალს და არ გაუარა რესპირატორულმა ინფექციამ და ამიტომ თავისით მოვიდა. რენტგენოლოგიურად ჩაუტარდა გამოკვლევა და პნევმონია არ აქვს, არც სუნთქვის გაძნელება, არც ლეიკოპენია. ანუ ამ ვირუსის ყველაზე სერიოზული სიმპტომები არ აღენიშნება. რაც შეეხება კორონავირუსზე გამოკვლევას, მას ხვალ დილით აუღებენ ნაცხს და ხვალვე იქნება პასუხი, მაგრამ იმის გათვალისწინებით რომ ამ ახალგაზრდას არ აქვს პნევმონია, სუნთქვის გაგრძელება და სხვა კლინიკური ნიშნები და თუ მას დავუჯერებთ, ჩინეთში ის უკვე გამოიკვლიეს კორონავირუსზე, სავარაუდოდ მას ვირუსი არ დაუდგინდება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

რაც შეეხება 26 წლის ქალს, რომელიც კლინიკაში დღეს დილით შეიყვანეს, მას კვლევის პასუხებით კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

„დღეს დილით შემოვიდა 26 წლის ახალგაზრდა ქალი. ის შემოვიდა სომხეთის გავლით, გამოიარა სახმელეთო საზღვარი. იქ გასინჯეს, დაუფიქსირდა ტემპერატურა 37.5 და გადმოიყვანეს აქ. მისი მდგომარეობა მძიმე არ არის, მსუბუქია. აუღეს ნაცხი ხახიდან. არც გრიპის ვირუსი აღმოჩნდა და არც კორონავირუსი. ამ ქალთან დიაგნოზი მოიხსნა, რადგან ლაბორატორიულად უარყოფილია და კლინიკურადაც არანაირი ეჭვი არ არის. მას აქვს გაციებითი დაავადება. ჯერ რჩება საავადმყოფოში. სავარაუდოდ ხვალ გაეწერება“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.

banner
წინა სტატიაშითამარ ჩუგოშვილი: საარჩევნო წელს აღმოჩნდა, რომ ყველა ოპოზოციური ლიდერი არის კრიმინალი
შემდეგი სტატიაკალაძე: ამაზრზენი იყო თუ როგორი ბედნიერები იყვნენ [ნაციონალები] დეკლარაციის ჩაგდებით