თბილისის გენგეგმა – „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ დიდი აფიორა თუ გულგრილთა შეთქმულება დედაქალაქის წინააღმდეგ?

„ეს თბილისის სიკვდილია!“ – ასე აფასებს „სითი ინსტიტუტი-საქართველოს“ მიერ შედგენილ თბილისის ე.წ. მიწათსარგებლობის გენგეგმის პროექტს ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი. ამასთან, ჯიბუტი გენგეგმას, რომლის შედგენაზეც დედაქალაქის ბიუჯეტიდან, ესე იგი, ხალხის ჯიბიდან 2 მილიონ 800 ათასი დაიხარჯა, „გულგრილობას“ უწოდებს და აქვე, 1938 წელს დახვრეტილი მწერლის, ბრუნო იასენსკის რომანს – „გულგრილთა შეთქმულება“ იხსნებს.

ეს პარალელი შესაძლოა, ვინმეს უადგილოდ მოეჩვენოს, მაგრამ ის, რაც „სითი-ინსტიტუტ საქართველომ“ წარმოადგინა და რასაც ამ ორგანზიაციის წარმომადგენლები და მათი ლობისტები, ესე იგი, მერიის მაღალჩინოსნები თბილისის გენგეგმას უწოდებენ, სინამდვილეში, ქაღალდზე გადატანილი ოცნება, უფრო ზუსტად, მოსახლეობისთვის თვალში ნაცრის შეყრაა და მეტი არაფერი!

ვის და რატომ დასჭირდა იმ აფიორის გათამაშება, რომელიც ქალაქის ბიუჯეტს 2 მილიონ 800 ათასი ლარი დაუჯდა? – ამის თაობაზე სხვადასხვა მოსაზრება არსებობს. ყველაზე ხშირად კი, ამ თემაზე საუბრისას, საქმეში ჩახედულნი შესაძლო კორუფციით აქცენტირებენ, ანუ არსებობს გონივრული ეჭვი იმასთან დაკავშირებით, რომ „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ კონკრეტული მოქმედი თუ ყოფილი ჩინოვნიკები მფარველობენ, ანუ ამ ეჭვით, სქემა ასეთია:
თავის დროზე „სითი-ინსტიტუტ-საქართელო“ იმ მოტივით შეიქმნა, რომ თბილისის გენგეგმის შედგენის უფლება ექსკლუზიურად მიეღო და ამ გეგმაში თბილისის კი არა, მავანთა კერძო ბიზნესინტერსები გაეთვალისწინებინა.

ამ მოსაზრებას არსებობის უფლება აქვს, მით უმეტეს, რომ დოკუმენტალურად დადასტურებულია, რომ „სითი-ინსტიტუტი საქართველო“ მას შემდეგ „გაჩნდა“, რაც თბილისის მიწათსარგებლობის გეგნგეგმის შედგენაზე კონკურსი უკვე დამთავრებული იყო, თუმცა ამის მიუხედავად, მაშინდელმა პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნულ ორგანიზაციას თბილისის გენგეგმის შექმნის უფლება პირდაპირი შესყიდვის წესით მისცა. აი, ამ ამბავში ყველაზე დიდი კითხვის ნიშანი სწორედ ეს გახლავთ.
რაც შეეხება იმ ე.წ. დოკუმენტს, რომლის შესაქმნელადაც „სითი-ინსტიტუტ საქართველოს“ წელიწადზე მეტი დასჭირდა და რომელი ფარატინა ქაღალდის შექმნისთვისაც 2 მილიონ 800 ათასი ლარი ჩაიჯიბა, ამასთან დაკავშირებით საინტერესო მოსაზრებები აქვს ეკონომისტ იოსებ არჩვაძეს, რომელიც აცხადებს, რომ „სითი-ინსტიტუტი საქართველოს“ მიერ წარმოდგენილ ე.წ. გეგმაში ფინანსურ დასაბუთებაზე არაფერია ნათქვამი:
„ის, რაც გეგმაში წერია, ანუ პროექტი მრავალ ასეულ მილიონ ლარზეა გათვლილი იმიტომ, რომ პროპორცია უნდა იყოს დაცული, მაგრამ მეორეს მხრივ, უცხოური ინვესტიციების 80-85 პროცენტი თბილისზე მოდის, ამიტომ, როცა უცხოური კაპიტალი თბილისით ასეა დაინტერესებული, ხელისუფლებაც ვალდებულია, დედაქალაქის განვითარება სისტემურ ჩარჩოში მოაქციოს – ძირითადი მიმართულება მაინც უნდა მისცეს და მოქალაქეებს, ესე იგი, პოტენციალურ ამომრჩევლებს და უცხოელ ინვესტორებსაც აგრძნობინოს, რომ პროცესს აკონტროლებს და ქალაქი გარკვეული გეგმით ვითარდებ, მაგრამ გენგემის შედგენისას ეტყობა, შედგენისას ბიბილიურ ჭემშმარიტებებს დაეყრდნენ, დასაბამიდან იყო სიტყვაო, ანუ ჯერ დოკუმენტის სახით ჩამოაყალიბეს და ამის შემდეგ დაიწყებენ შესაბამისი თანხის მოძიებას. საერთოდ, ნებისმიერი დოკუმენტის სიცოცხლისუნარიანობას განსაზღვრავს შესაბამისი ფინანსური უზრუნველყოფა და ის პოლიტიკა, რასაც სახელმწიფო და მათ შორის, ადგილობრივი ხელისუფლება ატარებს დაგეგმარების მხრივ.

სხვატა შორის, თბილისი რომ განვითარებულიყო, რუსეთის იმპერიის დროს მაშინდელი გოლოვინის პროსპექტის ქვედა ნაწილზე მიწის გადასახადები,
დაახლოებით, 4-ჯერ უფრო დაბალი იყო, ვიდრე ზედა ნაწილში, სადაც მთავრობის წევრთა სასახლეები იდგა. ამიტომაც რუსთაველისა და ოპერის თეატრების შენობები ქვედა ნაწილზე აშენდა – აქ მიწა იაფი ღირდა და ამით მშენებლობებს სტიმული მიეცა.
ნიუ იორკში კი იმისთვის, რომ ზემოქმედება მოეხდინათ არქიტექტურაზე, ჯერ კიდევ გასული საუკუნის 30-ან წლებში მიიღო კანონი ადგილობრივმა მმართველობამ, რომ შენობების სიმაღლე ქუჩის სიგანეზე 1,5-ჯერ მეტი არ უნდა ყოფილიყო, ანუ თუ ქუჩის სიგანე 50 მეტრი იყო, ფასადი 75 მეტრზე მეტი ვერ იქნებოდა. ასევე, ინგლისში, შუა საუკუნეებში გადასახადებს ადგენდნენ შენობაზე ფანჯრების რაოდენობის მიხედვით: მეპატრონე მით მეტ გადასახადს იხდიდა, რაც მეტი ფანჯარა ჰქონდა შენობას. ამით იმის თქმა მინდა, რომ ხელისუფლებას ყოველთვის აქვს საშუალება, გავლენა მოახდინოს ქალაქის განვითარებაზე, მათ შორის, ურბანულ განვითარებაზე არა მხოლოდ გადასახადებით, არამედ, შეზღუდვებითა და წახალისებითაც.

ამდენად, ვფიქრობ, ეს ბერკეტი უნდა გამოიყენოს ცენტრალურმა და ადგილობრივმა ხელისუფლებებმა დედაქალაქის შემდგომი განვითარებისთვის.
თბილისში ძალიან ბევრი უსისტემო მშენებლობაა. მაგალითად, სპორტის სასახლის უკანა ტერიტორიას პირადად მე, „ღაზას სექტორს“ ვუწოდებ – იქაურობა ისე მჭიდროდაა დასახლებული, რომ კარგს არაფერს მოგვიტანს, თან დედაქალაქში, ურბანული კუთხით, ერთი ტენდენცია შეინიშნება: იმ უბნებში, სადაც მშენებლობაა, ინფრასტრუქტურა და კაპიტალიზაციის სხვა ფორმებია განვითარებული, უძრავი ქონების ფასი იზრდება, მაგრამ გარკვეული პერიოდის შემდეგ, ტერიტორიის შენობა-ნაგებობებით ზედმეტი გაჯერება მინუსით მიდის, ანუ ამ ტერიტორიებზე რაც მეტი შენობა აშენდება, აშენებულის საბაზრო ღირებულება კი არ მატულობს, არამედ – იკლებს იმიტომ, რომ ეკოლოგია და პარკირების პრობლემა უარესდება.“

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: „სითი-ინსტიტუტ-საქართველოს“ მიერ მომზადებულ ე.წ. გეგმაში შავით თეთრზე წერია, რომ იგივე ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე რეკრეაციული ზონა უნდა გაშენდეს, თუმცა როგორც ახლა ირკვევა, ამ ადგილას მწვანე ნარგავები ვერ გაიხარებენ, რადგან ნიადაგი უვარგისია. კომპანია „მულტიტესტის“ მიერ მოამზადებული დასკვნა ნათელყოფს, რომ ეს ტერიტორია სამშენებლო ნაგვითაა სავსე. ყველა ლოგიკით, ანალოგიური კვლევა „სითი-ინსტიტუტ საქართველოსაც“ უნდა ჩაეტარებინა და გენგეგმის ფართომასშტაბიანი პრეზენტაცია მას შემდეგ მოეხდინა, მაგრამ ანალოგიური კვლევის ჩატარება, როგორც ჩანს, აზრადაც არ მოსვლია. ამიტომ, კიდევ უფრო აქტუალური ხდება კითხვა, რაში დახარჯა ხალხის ფული, ანუ 2 მილიონ 800 ათასი ლარი „სიტი-ინსტიტუტ საქართველომ“?

banner
წინა სტატიაშისოფელ აღაიანთან სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატია[ვიდეო] “მწყობრიდან გამოსული” ლევან შონია გარემოვაჭრეებს არ შეხვდა