თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ელექტროენერგიის დაზოგვის შედეგად მიღებული ეკონომიის ხარჯზე დაფინანსდება

თბილისის მერის განცხადებით, თბილისის გარე განათების პროექტი არა ბიუჯეტიდან, არამედ ამ პროექტის განხორციელების შედეგად დაზოგილი ელექტროენერგიის საფასურის ხარჯზე დაფინანსდება. ამის შესახებ კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

მისი თქმით, მიზანმიმართულად ვრცელდება არასწორი ინფორმაცია, თითქოს, გარე განათების განახლების პროექტის განხორციელების მიზნით, ბიუჯეტიდან 90 მილიონი ლარია გამოყოფილი.
„კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფები ცდილობენ, საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრჯერ მოგვიწია განმარტებების გაკეთება, კიდევ ერთხელ, თავს ვალდებულად ვთვლი, რომ თბილისელებს ჰქონდეთ სწორი ინფორმაცია.

მთელი ქალაქის მასშტაბით გვინდა, რომ ძველი ნათურები შეიცვალოს ახალი, თანამედროვე ლედ სანათებით. ამასთან დაკავშირებით მიმდინარეობს სიცრუის მიზანმიმართული ტირაჟირება, რომ თითქოს, ჩვენ ბიუჯეტიდან გამოვყავით 90 მილიონი ლარი იმისთვის, რომ მოხდეს ამ ნათურების შეძენა. საზოგადოებას, რა თქმა უნდა, უჩნდება აგრესია – რა დროს სანათების ყიდვაა 90 მილიონად. ეს არის ძალიან დიდი ტყუილი. ბიუჯეტიდან არანაირი 90 მილიონი არ არის გამოყოფილი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა პროექტის კონცეფცია.

„დედაქალაქის მასშტაბით, გარე განათებისთვის ამჟამად გამოიყენება სოდიუმის ტიპის ნათურები, რომლებიც მოიხმარენ ძალიან დიდი რაოდენობით ელექტროენერგიას. მათი ლედ სანათებით ჩანაცვლების შემთხვევაში ელექტროენერგიის ეკონომია შეადგენს ხარჯის დაახლოებით 60-70 პროცენტს. ჩვენი კონცეფცია ითვალისწინებს კერძო კომპანიების მიერ მოზიდული ფინანსებით ამ სანათების ჩანაცვლებას. გამარჯვებული კომპანია ვალდებულია, მოიზიდოს თანხა და თვითონ შეცვალოს სანათები. მიღებული ეკონომიიდან, ამ კომპანიას აუნაზღაურდება მომსახურება და პროდუქცია, რაც იმას ნიშნავს, რომ ბიუჯეტიდან ამისთვის დამატებით სახსრები არ გამოიყოფა და ყოველწლიურად, ელექტროენერგიისთვის გადასახდელი თანხის დაზოგვით მოხდება მისი ანაზღაურება“, – აღნიშნა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, გარე განათების სტანდარტის შემუშავება თბილისის მერიამ ტენდერით შერჩეულ კომპანიას დაუკვეთა. პროექტის მიზანი, დედაქალაქის მასშტაბით გარე განათების განახლება და მოწესრიგებაა.

banner
წინა სტატიაში5 ივლისს ჟურნალისტებზე განხორციელებული თავდასხმები იყო შოკისმომგვრელი და შემაშფოთებელი
შემდეგი სტატიაკობახიძე: რადიკალური ოპოზიციური პარტიებისთვის 19 აპრილის შეთანხმებაზე ხელის არმოწერა ერთგვარი თვითმიზანი იყო