თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის მანქანაში ხელყუმბარები და იარაღის მჭიდი იპოვეს

გარემოს დაცვის მინისტრის, გიგლა აგულაშვილის განცხადებით, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის სამსახურეობრივ მანქანაში, ორი ხელყუმბარა და ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი იპოვეს.

როგორც დღეს გამართულ ბრიფინგზე აგულაშვილმა აღნიშნა, ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ მოათავსა მანქანაში ხელყუმბარები და იარაღის მჭიდი.

„27 დეკემბერს, თბილისის ეროვნული პარკის დირექტორის ლევან კაპანაძის სამსახურეობრივ მანქანაში, მის მიერვე აღმოჩენილი იქნა ორი ხელყუმბარა და ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის მჭიდი 30 ვაზნით. ჯერჯერობით დაუდგენელმა პირებმა გადაწყვიტეს, რომ შური იძიონ იმ საქმიანობაზე, რასაც ჩვენ და პირადად ლევანი ახორციელებს ეროვნულ პარკში.

სამწუხაროა, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი. ჯერ კიდევ გაზაფხულზე, ლაგოდეხის რაიონის დაცულ ტერიტორიაზე, ადმინისტრაციის დირექტორის სამსახურეობრივ ავტომანქანაში, ასევე იქნა აღმოჩენიული ხელყუმბარა წარწერით „გაფრთხილებ წადი“. მე მინდა გავაფრთხილო თითოეული ასეთი ადამიანი – ის სტრატეგია, რომელიც გვაქვს წესრიგის აღდგენაზე, კანონიერების დაცვაზე, უკანონო ხე-ტყის ჭრასა და ნადირობის წინააღდეგ, გაგრძელდება. მე უნდა გავაფრთხილო ის ადამიანები, ვინც ასეთი განზრახვით მოქმედებს – ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ მსგავსი შემთხვევები აღიკვეთოს და ჩვენი კანონმორჩილი თანამშრომლების საქმიანობა, დაცული იქნას. მე გუშინ ველაპარაკე შინაგან საქმეთა მინისტრს. მან სრული დახმარება აღმითქვა. დღეს დავუკავშირდები საქართველოს მთავარ პროკურორსაც და ამ ადამიანებთან ერთად, ჩვენ მივაღწევთ იმას, რომ აღნიშნული დანაშაული გაიხსნას, დამნაშავე პირები კი ვამხილოთ“,- განაცხადა გიგლა აგულაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგიორგი კვირიკაშვილი: ჩვენ დავიწყებთ ძალიან ინტენსიურ შეხვედრებს საზოგადოების სხვადასხვა ფენების წარმომადგენლებთან
შემდეგი სტატია“ღარიბაშვილს ექნება საშუალება, რომ გაანალიზოს განვლილი და მომავალი გეგმები და მიიღოს შესაბამისი გადაწვეტილებები”