თბილისის ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს, გარემოვაჭრეებს ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს

თბილისის ბაზრობების ასოციაცია გარემოვაჭრეებთან დაკავშირებით, საგანგებო განცხადებას ავრცელებს.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბაზრობების გაერთიანება დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გამართული მოლაპარაკების შედეგად, მზადყოფნას გამოთქვამს, რომ გარემოვაჭრეებს ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს.

„თბილისის ბაზრობების გაერთიანებაში ჩვიდმეტი სრულუფლებიანი წევრია. ასოციაცია დედაქალაქის მასშტაბით არსებულ ყველა მსხვილ ბაზრობას მოიცავს. დედაქალაქის მუნიციპალიტეტთან გამართული მოლაპარაკებების შედეგად ბაზრობების ასოციაცია მზადყოფნას გამოთქვამს დაუყონებლივ შეღავათიანი პირობებით ექვსი თვის ვადით სავაჭრო ადგილი დაუთმოს ყველა იმ გარემოვაჭრეს, რომელიც რეალიზაციის ობიექტზე მუდმივად იქნება დასაქმებული, გარდა ამისა ბაზრობების დირექცია დატვირთულ ობიექტზე ე.წ. ყოფილ გარემოვაჭრეებს ყველა პირობას შეუქმნის საკუთარი პროდუქციის კონკურენტუნარიან პირობებში რეალიზაციისთვის.

რეალიზაციის ობიექტები მოიცავს შემდეგ ტერიტორიას: რკინიგზის სადგური და მისი მიმდებარე ტერიტორია, დინამო სტადიონის მიმდებარე ტერიტორია, მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია, ძველი დეზერტირების ბაზრის ადგილას აშენებული ახალი ბაზრის ტერიტორია, ისნის ბაზრობის ტერიტორია, სამგორის ბაზრობის ტერიტორია და სხვა.

თბილისის ბაზრობების ასოციაციას დაუყონებლივ შეუძლია სარეალიზაციოდ ფართი სამიათასამდე გარემოვაჭრეს დაუთმოს.

ყველა დაინტერესებულ პირს უმორჩილესად ვთხოვთ რეგისტრაციისთვის მიმართოს ბაზრობის დირექციას”, – აღნიშნულია თბილისის ბაზრობების ასოციაციის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიახბა: აფხაზეთისთვის მთავარი ტურისტული პარტნიორი რუსეთია
შემდეგი სტატია“პრეზიდენტმა ამ კანონს ვეტო აუცილებლად უნდა დაადოს’’ – სერგო რატიანი