თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი დაესწრება

28-29 ნოემბერს, „თბილისის აბრეშუმის გზის“ ფორუმში, მონაწილეობის მისაღებად თბილისს მსოფლიოს 34 ქვეყნის უმაღლესი თანამდებობის პირი ესტუმრება, მათ შორის არიან მოლდოვის პრემიერმინისტრი პაველ ფილიპი, უკრაინის პრემიერმინისტრი ვლადიმერ გროისმანი და სლოვენიის ვიცე-პრემიერი კარლ ერიავეცი. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვირთარების სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტრო ცნობით, ფორუმში მონაწილე ათასზე მეტ დელეგატს შორის ასევე 20 მინისტრი იქნება მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ აზიასა და ევროპას შორის ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული კავშირების გაღრმავების მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა. ფორუმი მიზნად ისახავს, შექმნას და დაამკვიდროს სადისკუსიო პლატფორმა, სადაც აბრეშუმის გზის ინიციატივის ქვეყნების, საერთაშორისო ორგანიზაციებისა და კერძო სექტორის წარმომადგენლები განიხილავენ თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებსა და კავშირებს საერთაშორისო და რეგიონალური ვაჭრობის სფეროში. ფორუმის ფარგლებში განხილული იქნება ისეთი აქტუალური საკითხები, როგორიცაა: ვაჭრობის ხელშეწყობა, ელექტრონული კომერციის განვითარება, ციფრული კავშირი, სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკის სფეროში რეგიონთაშორისი შესაძლებლობები და ქვეყნის საინვესტიციო პოტენციალი.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ გახსნის საქართველოს პრემიერმინისტრი, გიორგი კვირიკაშვილი. ღონისძიების მონაწილეებს სიტყვით მიმართავენ უცხო ქვეყნის მთავრობებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ხელმძღვანელი პირები. გაიმართება მაღალი დონის დისკუსიები. აბრეშუმის გზის ფორუმი 28 ნოემბერს თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრში გაიხსნება, ხოლო 29 ნოემბერს, სასტუმრო „ბილტმორში“ გაგრძელდება. ფორუმის ფარგლებში თემატური სესიები და ორმხრივი შეხვედრები გაიმართება.

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმს“ საფუძველი 2015 წელს ჩაეყარა – მასში მონაწილეობა მიიღო 34 ქვეყნის ოფიციალური დელეგაციის წევრმა და 50 ქვეყნის ბიზნესის წარმომადგენელმა.

ღონისძიების მნიშვნელობიდან და მასშტაბურობიდან გამომდინარე, „თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი“ ყოველ ორ წელიწადში ერთხელ გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიავტოსაგზაო შემთხვევა ბორჯომში
შემდეგი სტატიათინა ხიდაშელი: ბევრი ადამიანის დიდი შრომის შედეგია ეს გადაწყვეტილება