თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან მეორე ტური 18 ოლქში გაიმართება

ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში ხმის დათვლის პროცედურა ამ დრომდე მიმდინარეობს. თბილისის მაჟორიტარული ოლქების უმრავლესობაში სავარაუდოდ, მეორე ტური გაიმართება.

ცესკო-ს ამ დროის მონაცემებით, თბილისის 22 ოლქიდან მაჟორიტარი დეპუტატობის ხმების 50%-ზე მეტი მხოლოდ ოთხ კანდიდატს აქვს მიღებული.

კერძოდ, ვაკის მესამე ოლქში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა ზაზა ხუციშვილმა გამარჯვება პირველივე ტურში მოიპოვა. მას 35 უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 50,41 %-მა დაუჭირა. 19,39%-ით მეორე ადგილზე გავიდა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი პეტრე ცისკარიშვილი. შემდეგ პოზიციას 7,79 %-ით იკავებს „თავისუფალი დემოკრატების“ მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გია ნუცუბიძე.

საბურთალოს მეოთხე მაჟორიტარულ ოლქში, პირველივე ტურში გავიდა „ქართული ოცნების“ კანდიდატი მამუკა მდინარაძეც, რომელმაც ხმების 51,7 % მიიღო. 31 უბნის შედეგებით, ამომრჩეველთა 20,85 %-მა დაუჭირა მხარი „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ჯარჯი დოლიძეს.

მაჟორიტარულ არჩევნებზე 50%-იანი ბარიერი გადალახა „ქართული ოცნების“ კანდიდატმა საბურთალოს მეხუთე ოლქშიც. ნინო გოგუაძეს ამომრჩეველთა 51,43 %-მა დაუჭირა მხარი. მეორე ადგილზე 18,89%-ით ამ შემთხვევაშიც „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კანდიდატი გიორგი როინიშვილია.

რაც შეეხება ჩუღურეთის მე-14 მაჟორიტარულ ოლქს, აქაც გამარჯვება პირველივე ტურში „ქართული ოცნების“ კანდიდატმა გია ვოლსკიმ მოიპოვა, რომელმაც 32 საარჩევნო უბნის შედეგების მიხედვით, მხარი 57,23%-მა დაუჭირა. 23,62%-მა მისცა ხმა „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატ ირაკლი ჩოლოყაშვილს.

ცესკო-ს მიერ გამოქვეყნებული წინასწარი მონაცემებით, თბილისის 22 მაჟორიტარული ოლქიდან არჩევნების მეორე ტური 18 ოლქში გაიმართება.

banner
წინა სტატიაშიპრემიერი : ,,ნაციონალური მოძრაობა“ ცდილობს, ამომრჩეველი კონფროტაციის გზით წაიყვანოს
შემდეგი სტატიაშსს-მ განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკი ამოიღო