თბილისი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის 25-ე ყოველწლიურ სესიას მასპინძლობს

1-5 ივლისს თბილისში, საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიას” ტერიტორიაზე ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის (ეუთოს) საპარლამენტო ასამბლეის საიუბილეო, 25-ე ყოველწლიური სესია გაიმართება.

ხუთი დღის განმავლობაში თბილისი საერთაშორისო პოლიტიკური პროცესების ეპიცენტრად იქცევა.

დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25-წლიანი ისტორიის მანძილზე საქართველო პირველად უმასპინძლებს მსგავსი მასშტაბისა და მნიშვნელობის პოლიტიკურ მოვლენას – მსოფლიოში უდიდესი უსაფრთხოების ორგანიზაციის საერთაშორისო საპარლამენტო ფორუმს, რომლის თემაა “25-წლიანი საპარლამენტო თანამშრომლობა: ნდობის შენება დიალოგით”. ეუთო-ს 57 წევრი ქვეყნის 600-ზე მეტი სტუმარი საპარლამენტო ასამბლეის საკომიტეტო და პლენარულ სხდომებზე პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ტექნოლოგიურ, ეკოლოგიურ, ადამიანის უფლებათა დაცვისა და მედიის თავისუფლების საკითხებზე მოხსენებებს გაეცნობა და შესაბამის რეზოლუციებს მიიღებს.

პირველ ივლისს საპარლამენტო ფორუმის მონაწილეებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავენ ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი ილკა კანერვა, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ეუთოს თავმჯდომარე ქვეყნის, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრი ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტი პედრო აგრამუნტი. ამასთან, სესიას დაესწრებიან ბოსნია-ჰერცეგოვინის პარლამენტის თავმჯდომარე ბარისა გოლაკი და მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარე დარკო პაჟოვიჩი.

საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება ორგანიზაციისთვის უმნიშვნელოვანესი და ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ღონისძიებაა და მასში მონაწილეობას ეროვნული პარლამენტების წევრების გარდა პოლიტიკურ საკითხთა ექსპერტები, დიპლომატები და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები მიიღებენ.

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური შეკრება პრეზიდენტის არჩევით და ყოვლისმომცველი “თბილისის დეკლარაციის” მიღებით დასრულდება, რომელშიც ასამბლეის მნიშვნელოვანი განცხადებები, პოლიტიკური რეკომენდაციები და გზავნილები იქნება ასახული.

დეკლარაცია ეუთო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა სამინისტროებსა და ეროვნულ პარლამენტებს გადაეგზავნებათ.

banner
წინა სტატიაშიკვლევის შედეგები: 65 % – ის აზრით,”ქართული ოცნება” პარლამენტში ყველაზე მეტ ადგილს მოიპოვებს
შემდეგი სტატიაგიორგი კვირიკაშვილი : იძულებული ვიყავით, შიდა პარტიული კვლევები გამოგვექვეყნებინა