რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის განაცხადება ივანიშვილის მიერ გორში და რუსთავში გაკეთებული განცხადებების გაგრძელებაა, – ამის შესახებ “ერთიანობის” ლიდერი გია ჯაფარიძე საუბრობს. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, აღნიშნული განცხადებების მიზანს, აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებისთვის ნიადაგის მომზადება წარმოადგენს.
მიზანმიმართული ქმედებაა. თბილისი და მოსკოვი ამ შემთხვევაშიც, მოქმედებენ სინქრონში, სინქრონში აკეთებენ განცხადებებს და აი, ამ ხაზს აგრძელებს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ამ განცხადებების, რაც გორში ვნახეთ, რაც რუსთავში ვნახეთ. ერთ-ერთი მიზანი იყო სწორედ ნიადაგის შემზადება. ყველა ფაქტი მიანიშნებს იმაზე, რომ „ქართული ოცნება“ ამზადებს აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარებას, – ამბობს გია ჯაფარიძე.
ივანიშვილის დაანონსებული ბოდიშის შემდეგ რუსეთი ისევ საქართველოს ხელისუფლებას აქებს. ოკუპანტი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ამტკიცებს, რომ აფხაზ და ოს ხალხებთან მიმართებით “ქართული ოცნება” წარსულს ადექვატურად აფასებს. ამასთან, სერგეი ლავროვი აცხადებს, რომ რუსეთი მზადაა, დაეხმაროს მათ ურთიერთობების ნორმალიზებაში და ხაზს უსვამს, რომ იგულისხმება თავდაუსხმელობის შეთანხმების უზრუნველყოფაც.