„თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი“ – კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე კახა კალაძემ ჯიხურებთან დაკავშირებით ისაუბრა, თბილისის მერია ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ ადგილზე განთავსებული ჯიხურების მფლობელებს დამატებით ვადას განუსაზღვრავს, იმისათვის, რომ მათ ჯიხურებს ადგილი შეუცვალონ და შემდეგ განაგრძონ საქმიანობა.

„ყველაზე ცუდი ამ გადაწყვეტილებაში იყო ის, რომ მათი დიდი ნაწილი ქალაქგეგმარებითი თვალსაზრისით არასწორ, ზოგ შემთხვევაში, კანონმდებლობით დაუშვებელ ადგილებზეა განთავსებული, რაც პრობლემების მიზეზი ხდება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მერის თქმით, აღნიშნული ჯიხურების უმრავლესობას ახლახან გაუვიდა იჯარის ხელშეკრულების ვადა.

„შესაბამისად, დღეს იმ გარემოებაში გვიწევს გადაწყვეტილებების მიღება, როდესაც ეს 2 500 ჯიხური დაახლოებით ამდენივე და შეიძლება ითქვას, უფრო მეტ ადამიანს ინახავს და შესაძლოა, მათთვის ერთადერთი საარსებო წყარო იყოს, ადამიანები, რომლებიც აქედან იღებენ შემოსავალს და არჩენენ ოჯახებს. რა თქმა უნდა, რთულია ამ არსებულ შემთხვევაში მიიღო გადაწყვეტილება. კარგად მესმის ამ ადამიანების, რომ ასე მარტივად ვერ მოხდება ამ ჯიხურების აღება, მაგრამ გარკვეულ პრინციპებზე, მიდგომებზე აუცილებლად უნდა შევთანხმდეთ“, – განაცხადა კალაძემ.

როგორც მერმა აღნიშნა, თბილისი არ უნდა იყოს და არ იქნება ჯიხურების ქალაქი.

„ყველა ის ჯიხური, რომელიც თავისი მდებარეობიდან გამომდინარე არ არის პრობლემური, დარჩება თავის ადგილზე. ჩვენ თავიდან გამოვაცხადებთ აუქციონებს და ექნებათ შესაძლებლობა. გააგრძელონ თავიანთი საქმიანობა, ეს არის ის ჯიხურები, რომელიც არც ქვეითად მოსიარულეებს უშლის და არც სატრანსპორტო მოძრაობას. ასეთ ჯიხურებს მერია დამატებით ვადას განუსაზღვრავს 3-დან 6-თვემდე, მოხდება იჯარის ვადის გადაცილებიდან დღემდე უკანონოდ ყოფნის პერიოდის ლეგალიზება და მიეცემათ დამატებითი ვადა, რა დროსაც მათ ექნებათ ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელების შესაძლებლობა. არასწორად, რომ არ მოხდეს ინეტრპრეტაცია, ვიმეორებ, რომ ჯიხურები, რომლებიც არასწორ ადგილზეა განთავსებული ჩვენ არავის ვერჩით, მაგრამ უნდა გავასწოროთ, უნდა მოხდეს ადგილმონაცვლეობა და შემდეგ ექნებათ შესაძლებლობა, განაგრძონ თავიანთი საქმიანობა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

banner
წინა სტატიაშითიბისი ბანკსა და „Sida”-ს შორის სესხების გარანტიის ხელშეკრულება გაფორმდა
შემდეგი სტატია“აღმაშენებლის გამზირზე მოჭრილი ხეების ნაცვლად, ახალი ხე-მცენარეები დაირგვება” – კახი კალაძე