21.6 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: საბრალო შესახედია, “ვარდების რევოლუციის” შემოქმედი იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის

კოალიცია „ძლიერი საქართველო-ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი თაზო დათუნაშვილი საქართველოს მესამე პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშვილს უმწვავესი განცხადებით პასუხობს.

„ლელოს“ ლიდერის თქმით, საბრალო შესახედია, როდესაც ქვეყნის მესამე პრეზიდენტი ასე ეცემა, და დასძინა, რომ სააკაშვილმა ჯერ საქართველო და საკუთარი თავი ჩააბარა რუსებსა და ბიძინა ივანიშვილს, პარალელურად კი „ნაციონალური მოძრაობა“ რამდენჯერმე ჩამოშალა.

“მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე აბსოლუტურად ყველა თავის საქმეში იყვნენ წამატებულები. მიხეილ სააკაშვილმა ჯერ ეს ქვეყანა ჩააბარა რუსებს და ივანიშვილს, შემდეგ საკუთარი თავი და შუაში რამდენჯერმე ჩამოშალა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, ერთ დროს „ვარდების რევოლუციის“ ფლაგმანი.

სააკაშვილს პერიოდულად გამონათებები აქვს საღი აზრის, ერთ-ერთი ასეთი გამონათების დროს ნათქვამი აქვს: „სხვისი ლანძღვით პოლიტიკურ კაპიტალს ვერავინ დააგროვებს“. მის ამ ფრაზას ვეთანხმები და საკუთარ თავს მაინც დაუჯეროს ხოლმე პერიოდულად. ვიცი, რამდენად აფასებს საკუთარ თავს.

ეს ტალახის სროლა არაფრის მომტანი არ არის. ამით დამატებით პოლიტიკურ ქულას ვერავინ დაიწერს. უბრალოდ ძალიან საბრალო შესახედია, „ვარდების რევოლუციის“ შემოქმედი და კაცი, რომელიც დამოუკიდებელი საქართველოს ერთ-ერთი ავტორი ნამდვილად არის, იქამდე დაეცეს, სადამდეც ახლა არის“, – განაცხადა დათუნაშვილმა.

შეგახსენებთ, მესამე პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა, სასამართლო პროცესზე, ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა, რომ როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციამ, რომელიც ბიზნესპროექტი არის.

“როგორ უნდა გაიმარჯვოს იმ ოპოზიციამ, რომლის დიდი უმრავლესობა ჩემი პიროვნების ხარჯზე ცდილობს თვითდამკვიდრებას და ზოგიერთი დიქტატორის დამქაშებთანაც არ ერიდება საქმის დაჭერას? ან როგორ უნდა გაიმარჯვოს ოპოზიციურმა პარტიებმა, რომლებიც არიან ბიზნეს ჯგუფის ბიზნეს პროექტები? მთელი პატივისცემის მიუხედავად, “ლელო” არის ბადრის და მამუკას ბიზნეს პროექტი. “ახალი”, რამდენადაც არ უნდა დავხუჭოთ თვალები, თავიდანვე შედგა, როგორც ძმები გილაურების პროექტი, არა გასამარჯვებლად, არამედ ჩემი, “ნაციონალური მოძრაობის” ელექტორატის ჩამოსართმევად“,- აღნიშნა სააკაშვილმა.

banner
წინა სტატიაშითინა ბოკუჩავა: ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
შემდეგი სტატიაევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა საქართველოს შესახებ ანგარიშს განიხილავს