25.8 C
Tbilisi
ხუთშაბათი, სექტემბერი 10, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: “ოცნება” ბანდის სისტემით მმართველობაზეა გადასული- თანამდებობები კონკრეტულ ადამიანებზე იჭრება

„ძლიერი საქართველო – ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, თაზო დათუნაშვილმა პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადება შეაფასა, რომლის მიხედვითაც რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობა აღარ შეიქმნება, ხოლო რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების გაერთიანებაზე მსჯელობა მიმდინარეობს.

დათუნაშვილის განცხადებით, სახელმწიფო სტრუქტურებში საკადრო და სტრუქტურული ცვლილებები არა საზოგადოებრივ საჭიროებებს, არამედ მმართველი გუნდის კონკრეტულ პირებსა და ინტერესებს ერგება.

„ეს არაფერი არ არის, გარდა კონკრეტულ ადამიანებზე სახელმწიფო სისტემისა და საჯარო მმართველობის მორგებისა.

ის, რასაც უკვე თვეებია ვამბობთ — თანამდებობების მოგონება „ქვის კარიერის გენერლებისთვის“, არაფერია, გარდა ამ ადამიანებზე, ბიძინა ივანიშვილის კაპრიზებსა და კრიმინალების ბანდაზე სახელმწიფო სისტემის მორგებისა.

ჯერ კურატორის თანამდებობა შეიქმნა, არაფრის მომცემი, და გააქრეს, რადგან არ უნდა არსებობდეს. ზუსტად იმავენაირად, რეგიონული სახელმწიფო სამინისტრო თურმე საჭირო არ ყოფილა და ესეც მარტო მდინარაძეზე იყო მორგებული,“ — აღნიშნა დათუნაშვილმა.

„ლელოს“ ლიდერმა ხაზი გაუსვა, რომ პროცესი საჯარო ინტერესების სრულ იგნორირებაზე მიუთითებს:

„„ქართული ოცნება“ არის კლასიკური გაგებით გადასული ჩვეულებრივ ბანდის სისტემით მმართველობაზე. ბანდას როგორც სჭირდება, კრიმინალურ სინდიკატს როგორც სჭირდება, ისე იჭრება და იკერება სახელმწიფო თანამდებობები. საქართველოს მოქალაქეების ინტერესები არსად არ არის გათვალისწინებული,“ — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ცნობით, რეგიონული პოლიტიკის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის პოსტი აღარ შეიქმნება. ამასთან, სპიკერის განმარტებით, ამჟამად მსჯელობა მიმდინარეობს რეგიონული განვითარების სამინისტროსა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს შესაძლო გაერთიანებაზეც.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ გორში განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით 2 პირი დააკავა
შემდეგი სტატიაბათუმში მშენებარე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ეზოს ნაწილი ჩავარდა