„ძლიერი საქართველოს“ წევრი თაზო დათუნაშვილი აცხადებს, რომ ლაზარე ჯორბენაძის გარდაცვალების საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში შინაგან საქმეთა სამინისტრომ ირაკლი კობახიძე და მამუკა მდინარაძეც უნდა გამოკითხოს.
მისი შეფასებით, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საპატიმროდან გავრცელებული წერილის შემდეგ განვითარებული მოვლენები მმართველ გუნდში არსებულ მწვავე შიდა დაპირისპირებაზე მიუთითებს.
„გამოსაძიებელია და დასაკითხ პირთა სიაში აუცილებლად უნდა შევიდნენ მდინარაძე-კობახიძე. აგერ, ქალბატონი კილაძე იძახის კიდევ რაღაცა ინფორმაცია მაქვსო. ვინმეს რამეს გამოძიება რომ უნდოდეს, ყველაფერი არსებობს იმისთვის, რომ გამოიძიონ“, — განაცხადა დათუნაშვილმა.
ოპოზიციონერი პოლიტიკოსის თქმით, პოლიტიკოსების გამოკითხვებზე დაბარება პოლიტიკური განცხადებების გამო ხდება, რაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ფონზე მიუთითებს.
„ამას მიღმა ჩანს ერთი ძალიან მძიმე ამბავი… „ქართულ ოცნებაში“ არის კატასტროფული, შიშზე, პანიკაზე დაფუძნებული ვითარება, სადაც ორი კრიმინალური კლანი ერთმანეთს სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში არიან შებმულები… ეს არის ბიძინა ივანიშვილის სისუსტე. ეს პოლიტიკური ძალა ინგრევა, ლპება შიგნიდან… ვირთხები გადიან გემის ჩაძირვის პროცესიდან“, — აღნიშნა თაზო დათუნაშვილმა.








