27.7 C
Tbilisi
ორშაბათი, ივლისი 13, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი ყაველაშვილის ირანში ჩასვლაზე: ეს არის საქართველოს გადანაცვლება ავტოკრატიებისა და ტირანიების ჯგუფში

„ლელო – ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი, თაზო დათუნაშვილი სახიფათო ტენდენციად აფასებს მიხეილ ყაველაშვილის ჩასვლას ირანში, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიაზე. ოპოზიციონერი პოლიტიკოსის განცხადებით, ეს ხდება იმ ფონზე, როდესაც ბიძინა ივანიშვილის გუნდის წევრები ბრიუსელსა და აშშ-ში არცერთ მნიშვნელოვან შეხვედრას არ ესწრებიან.

დათუნაშვილი მიიჩნევს, რომ მმართველი გუნდის ვიზიტები შუა აზიასა და თეირანში ქვეყნის საგარეო კურსის სახიფათო ცვლილებაზე მიუთითებს.

„როდესაც ვაშინგტონსა და ბრიუსელში ამბობენ, რომ საქართველოს ტრაექტორია შეიცვალა, თბილისში „ოცნებაში“ კი საუბრობენ, რომ მულტივექტორულ სვლაზე ვართ გადასული, მულტივექტორულზე ვერაფერზე ვერ ვართ… ეს სახიფათო ტენდენციაა, ეს არის თავიდან ბოლომდე საქართველოს გადანაცვლება იმ ქვეყანათა ჯგუფში, რომელიც ავტოკრატიებს, ტირანიებს და ტოტალიტარულ რეჟიმებს აერთიანებს მთელ მსოფლიოში“, — განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

ცნობისთვის, მიხეილ ყაველაშვილი ირანის სულიერი ლიდერის, აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიას დაესწრო, სადაც დასავლეთის მიერ სანქცირებული და იზოლირებული ქვეყნების წარმომადგენლები, მათ შორის, რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი დიმიტრი მედვედევი და ჩინეთის დელეგაცია იმყოფებოდნენ.

banner
წინა სტატიაშიგიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე დაკავებულ შსს-ს ყოფილი მაღალჩინოსნის შვილს პატიმრობა შეეფარდა
შემდეგი სტატიალაშა ტყეშელაძე ხაბეიშვილის საქმეზე: სამართლებრივი ნონსენსია ადამიანს ერთი და იგივე ქმედებისთვის ორჯერ წაუყენო ბრალი