25.5 C
Tbilisi
სამშაბათი, ივლისი 14, 2026
banner

თაზო დათუნაშვილი: „ანაკლიის კონსორციუმი“ იყო ერთადერთი სწორი ფორმა ანაკლიის პორტის აშენებისთვის

„ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა თაზო დათუნაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „პოლიტიკურ სივრცეში” განაცხადა, რომ „ანაკლიის კონსორციუმი“ იყო ერთადერთი სწორი ფორმა ანაკლიის პორტის აშენებისთვის იმიტომ, რომ „საქართველო მაშინაც და ახლაც ღარიბი ქვეყანაა“.

„მარტივი ამბავია, სანამ საქართველოს მართავს „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი, ანაკლიის პორტი არ აშენდება. მე მგონი, გუშინდელმა ბრიფინგმა, ყველაზე უკანასკნელი, გამოუსწორებელი ოპტიმისტიც კი, რომელსაც ათწლიანი ტყუილის ეპოპეა ყელში არ ამოუვიდა, დაარწმუნა იმაში, რომ არ იქნება ანაკლიის პორტი იმიტომ, რომ მისი მშენებლობა პირდაპირ ეწინააღმდეგება რუსების ინტერესებს ამ რეგიონში, ჩვენი მტრის ინტერესებს, ხოლო ბიძინა ივანიშვილი ემსახურება რუსეთის ინტერესებს.

2014 წელს დაიწყო დაგეგმვა, 2016 წელს დაიწყო მუშაობა, დღეს არის 2026 წლის 7 ივლისი და ანაკლიაში პორტი არ არის. პორტი კი არა, გავერანებული ტერიტორიაა, გაუდაბნოებული, ნაკურორტალი, საპორტოდ გამზადებული ნაქალაქარია. არაფერი არ აშენებულა იმიტომ, რომ რუსეთის ინტერესებში არ შედის.

„ანაკლიის კონსორციუმი“ იყო ერთადერთი სწორი ფორმა ანაკლიის პორტის აშენებისთვის იმიტომ, რომ საქართველო მაშინაც იყო ღარიბი ქვეყანა და ახლაც არის ღარიბი და მას არ აქვს იმის უნარი, ააშენოს ასეთი პორტი. სულ რომ 15% იყოს ეკონომიკური ზრდა, საქართველო კიდევ დიდი ხანი ღარიბი ქვეყანა იქნება, ეს საერთაშორისო ეკონომიკური სტანდარტია. ღარიბი ქვეყნის ეკონომიკა ვერ გასწვდება პორტის მშენებლობას და მის ექსპლუატაციას. როგორ შეიძლება 220 მილიონად გააკეთოს რამე კარგი ქვრივიშვილმა, როცა ვიცით, რომ ჯერ კიდევ ათი წლის წინ 600 მილიონი ჯდებოდა?“, – განაცხადა თაზო დათუნაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიწვიმის შედეგად თბილისის აეროპორტი დაიტბორა
შემდეგი სტატიაკანადამ უკრაინას დახმარების ახალი პაკეტი გამოუყო, რომლის ღირებულება 900 მილიონი დოლარია