თავისუფლების ინსტიტუტი: მზად ვართ სამართლებრივი დახმარება გავუწიოთ აქციაზე დაშავებულებს

თავისუფლების ინსიტუტი მზად არის 8 ნოემბერს აქციაზე დაშავებულ ხალხს სამართლებრივი დახმარება გაუწიოს – განცხადება ორგანიზაციამ Facebook გვერდზე გამოაქვეყნა.

“8 ნოემბერს სახელმწიფომ არალეგიტიმური ძალა გამოიყენა შეკრების მონაწილეების წინააღმდეგ. დაშლის შედეგად დაზიანდნენ მოქალაქეები და ჟურნალისტები.

თავისუფლების ინსტიტუტი მზად არის სამართლებრივი დახმარება გაუწიოს აქციაზე დაშავებულ ადამიანებს”. – წერს თავისუფლების ინსიტუტი.

სამართლებრივი დახმარების მიღების მსურველებმა ორგანიზაციას ან Facebook-ზე, ან მითითებულ იმეილზე – salome.khvadagiani@liberty.ge-ზე უნდა მიწერონ.

გუშინ, 8 ნოემბერს, ცესკო-სთან აქციის დარბევის შედეგად რამდენიმე ადამიანი დაშავდა, მათ შორის არიან მედიის წარმომადგენლებიც.

ოპოზიცის ლიდერები და სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის შენობასთან გუშინ, 15:00 საათზე შეიკრიბნენ. აქციის დაწყებიდან მალევე მათ მთავარი მოთხოვნები წამოაყენეს. ოპოზიციამ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნა, ცესკოს მოქმედი თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომა და პოლიტპატიმრების გათავისუფლება მოითხოვა. მათ ქართულ ოცნებას დრო 20:00 საათამდე მისცეს და წამზომი ჩართეს.

მას მერე, რაც ხელისუფლებამ მოთხოვნები არ დააკმაყოფილა, ოპოზიციამ ხალხს სამოქმედო გეგმა გააცნო – მათ ცენტრალური საარჩევნო კომისიის შენობასთან გადანაცვლება გადაწყვიტეს. ენმ-ძალა ერთობაშიას ლიდერმა, ნიკა მელიამ თქვა, რომ ხელახალი არჩევნების ჩანიშვნამდე ცესკო-ს შენობაში ვერავინ შევიდოდა და ვერავინ გამოვიდოდა.

მანამ, სანამ ოპოზიციის წევრები და აქციის მონაწილეთა უმრავლესობა გზაში იყო, ცესკოსთან აქტივისტთა ნაწილი შეიკრიბა. მათი ნაწილი რკინის ჯებირებზე ქვებს აბრახუნებდა. ჯებირებს მიღმ სპეცრაზმისა და პოლიციის მრავალრიცხოვანი შემადგენლობა და ტექნიკა იდგა. მომიტინგეები ძალოვნებმა წყლის ჭავლით დაშალეს. უწყებამ გადაწყვეტილება, რომელიც ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების, ასევე სახალხო დამცველის მიერ დანაშაულად და უსაფუძვლოდ შეფასდა, “გადაუდებელი აუცილებლობით” ახსნა.

აღსანიშნავია ისიც, რომ წყლის ჭავლი გაუფრთხილებლად გამოიყენეს. აქტივისტები ამის შესახებ წინასწარ არავის გაუფრთხილებია და მათთვის დაშლისკენ არავის მოუწოდებია.

პარალელურად, ბრიფინგი გაიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროში, სადაც თქვეს, რომ აქციის მონაწილეების წინააღმდეგ პროპორციული ძალა გამოიყენეს. ქართულ ოცნებაში კი ამბობდნენ, რომ “როცა თავს დამესხმებით, გაფრთხილებას ვერ დავიწყებ, მარტივი იურიდიული კაზუსია.”

რუსთაველიდან ფეხით მომავალი ოპოზიციის ლიდერებისა და პროტესტტის სხვა მონაწილეების შემოერთებიდან მალევე, სპეცრაზმმა წყლის ჭავლის გამოყენება განაახლა. აქტივისტების დასარბევად იყენებდნენ ხელკეტებსაც. მოქალაქეთა ნაწილი ამბობს, რომ გაუშვეს აირიც, რასაც შინაგან საქმეთა სამინისტრო უარყოფს და დეზინფორმაციას უწოდებს.

მანამ, სანამ მოთხოვნები არ შესრულდება, ოპოზიციის წარმომადგენლები უწყვეტ საპროტესტო აქციებს გეგმავენ.

banner
წინა სტატიაშიარ შეიძლება, კორონავირუსს ხელისუფლება “კომენდანტის საათით” და წყლის ჭავლით ებრძოდეს: ნადირაშვილი
შემდეგი სტატია“საქართველო რუსი ოლიგარქის გარეშე”-კანადაში მცხოვრებმა ქართველებმა სოლიდარობის აქცია გამართეს