“თავისუფალმა დემოკრატებმა” წინასაარჩევნო მარათონი დაიწყო

საგამოფენო ცენტრ “ექსპო ჯორჯიაში” “თავისუფალი დემოკრატების” თბილისის საქალაქო ორგანიზაციის კონფერენცია მიმდინარეობს.
კონფერენციაზე თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარეს აირჩევენ. ამ პოსტზე წარდგენილია ზურაბ აბაშიძის კანდიდატურა. ასევე არჩეული იქნება თბილისის საქალაქო ორგანიზაციის გამგეობა, რომელიც 27 წევრისგან შედგება.

როგორც “თავისუფალი დემოკრატების” ლიდერმა ირაკლი ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, დღევანდელი ღონისძიებით “თავისუფალი დემოკრატები” წინასაარჩევნო მარათონს იწყებს.

“თავისუფალი დემოკრატების” პარტია იზრდება. შემოგვიერთდნენ ახალი წევრები. მინდა ახალ წევრებს მივმართო, რომ შინაურულად იგრძნონ თავი. მინდა ძველ წევრებს, დამფუძნებლებს ვუთხრა, რომ სწორედ ასეთი უტეხობით რომ ვიცავთ ჩვენს პრინციპებს და ღირებულებებს, სწორედ ამიტომ ვართ შეკრული დღესაც. ჩვენ თავს მრავალი რამ გადაგვხვდა. მინდა, დღეს დავიწყოთ წინასაარჩევნო მარათონი. ღრმად ვარ დარწმუნებული “თავისუფალი დემოკრატების” გამარჯვებაში. ეს არის ძალა, რომელიც საქართველოს პროგრესისკენ წაიყვანს”, – განუცხადა ჟურნალისტებს ირაკლი ალასანიამ.

მან კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში “თავისუფალი დემოკრატები” დამოუკიდებლად მიიღებენ მონაწილეობას. ალასანია ფიქრობს, რომ “თავისუფალი დემოკრატები” იმ ელექტორატის მხარდაჭერას შეძლებენ, რომელთაც ჯერ გადაწყვეტილი არ აქვთ, თუ რომელ პოლიტიკურ ძალას დაუჭერენ მხარს.

დღევანდელ ღონისძიებაზე შეკრებილებს სიტყვით მიმართა “თავისუფალი დემოკრატების” ერთ-ერთმა ლიდერმა ვიქტორ დოლიძემ, რომელმაც საქართველოს ევროპულ პერსპექტივაზე ისაუბრა. ასევე თბილისის განვითარების სტრატეგიას წარმოადგენს თამარ ამაშუკელი, ხოლო ვასილ რევიშვილი “თავისუფალი დემოკრატების” ეკონომიკურ ხედვაზე ისაუბრებს.

კონფერენციის დასასრულს, “თავისუფალი დემოკრატების” წევრებს პარტიის ლიდერი ირაკლი ალასანია მიმართავს.

banner
წინა სტატიაშიირაკლი ალასანიას თქმით “ვიმპელკომთან” არსებულ მოლაპარაკებებზე ის დადასტურებულ ინფორმაციას ფლობს
შემდეგი სტატიავიქტორ დოლიძე – “თავისუფალი დემოკრატები” გავაწევრიანებთ საქართველოს ევროკავშირსა და ნატოში