”თავისუფალმა დემოკრატებმა” საარჩევნო სისტემის 2020 წლისთვის შეცვლის თაობაზე მმართველი გუნდის პროექტს შესაძლოა მხარი დაუჭიროს

თუ საარჩევნო რეფორმასთან დაკავშირებით ოპოზიციის მიერ ინიცირებული კანონპროექტი ჩავარდება, “თავისუფალი დემოკრატები” მზადყოფნას გამოთქვამენ, სისტემის 2020 წლისთვის შეცვლის პროექტს დაუჭირონ მხარი, – ამის შესახებ ჟურნალისტებს “თავისუფალი დემოკრატების” წევრმა ზურაბ აბაშიძემ განუცხადა.

“პირველ რიგში, განხილული უნდა იყოს კონსტიტუციაში ის ცვლილებები, რომელიც ოპოზიციამ წარადგინა და რომლის უკანაც დგას 200 000 მოქალაქის ხელმოწერა. ეს არის ჩვენთვის პრიორიტეტი. იმ შემთხვებაში, თუ ყოფილი კოალიცია მხარს არ დაუჭერს ცვლილებებს, რომელიც 2016 წელს უნდა განხორციელდეს, რა თქმა უნდა, შემდეგ დაიწყება მეორე პროექტის განხილვა, რომელიც აღნიშნული ცვლილებების 2020 წელს განხორციელებას ითვალისწინებს. ამ შემთხვევაში ჩვენ მზადა ვართ, აღნიშნულ პროექტს დავუჭიროთ მხარი”,- განაცხადა აბაშიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთის მხრივ, საუბარია საპარლამენტო უმრავლესობის 81 წევრის მიერ წარდგენილ საკონსტიტუციო ცვლილებების პროექტზე, რომელიც მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებასა და მრავალმანდანტიანი პროპორციული სისტემის ამოქმედებას ითვალისწინებს, რაც 2016 წლის შემდგომი არჩევნებისთვის უნდა მოხდეს, ხოლო მეორეს მხრივ, პარლამენტის დღის წესრიგში ოპოზიციის მიერ მომზადებულ საკონსტიტუციო ცვლილებები დგას, რაც 2016 წლის არჩევნებისთვის 75 სადეპუტატო მანდატის – პროპორციული წესით, ხოლო 75-ის სამხარეო-პროპორციული წესით გადანაწილებას გულისხმობს.

banner
წინა სტატიაშითელავის აეროპორტი ,,მიმინო“ დღეს ოფიციალურად გაიხსნა
შემდეგი სტატიაქუთაისში სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები გარევაჭრობის შეწყვეტას ითხოვენ