თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში პარლამენტს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრებმა მიმართეს

პლენარულს სხდომაზე თავისუფალი ტრიბუნის ფორმატში საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა და პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა მიმართეს.
„ამ კონკრეტულ ვითარებაში, როდესაც ქვეყანა დგას უმნიშვნელოვანეს გზის გასაყართან, დარბაზში ვხედავ ხალხს, რომლებიც სიცოცხლესაც წირავდა იმისთვის, რომ ეს ქვეყანა თავისუფალი, დამოუკიდებელი და დემოკრატიული გვენახა და დღეს შეიძლება კითხვა დადგეს იმის თაობაზე, ევროკავშირი საერთოდ გვინდა? როცა ამას ლაპარაკობენ, რომ ამერიკა და ევროპა ომის გაჩაღებას გვთხოვენ აქ ჩვენ, და თუ ევროპა არ მოგვცემს იმ სტატუსს რასაც ვიმსახურებთ, ესე იგი გვსჯიან, როგორ დავიჯერო რომ ევროკავშირი გვინდა?“,-ამის შესახებ საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ლელო“ – პარტნიორობა საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„ორი თუ სამი თვეა რაც ეს პროცესი დაიწყო, განაცხადის შეტანის, ყველა გთხოვდათ და გირჩევდათ ყველაზე კარგი მტკიცებულება იმისთვის, რომ ჩვენ ევროკავშირთან კარგ ურთიერთობას ვაგრძელებთ, მარტივი რაღაც იყო საჭირო, ამ ფრაზეოლოგიის და პროპაგანდის ნაცვლად უნდა აგვეღო შარლ მიშელის დოკუმენტი და ამით ჩავსულიყავით ევროპის 27-ვე დედაქალაქში, მაშინ ხომ არ იქნებოდა ის შედეგი, სადაც ახლა ვართ“,-განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
კოლეგებს ასევე სიტყვით მიმართა პოლიტიკური ჯგუფის წევრმა ანა ნაცვლიშვილმა. მისი თქმით, „ქართულმა ოცნებამ“ ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე საქართველოს ევროპისკენ წაყვანის ნაცვლად, ევროპისგან მისი მოშორება დაიწყო.
„ეს არ მომხდარა ერთ ღამეში და ერთ დღეში. მოვყვები ქრონოლოგიას კანონებისა, რომელთა საშუალებითაც თქვენ საქართველო თანდათან დაუახლოვეთ იმას, რისგან მოშორებასაც ჩვენ ვცდილობთ და ამიტომ გვინდა ევროპული არჩევანი. მართალია თქვენ ძალიან მძიმე მემკვიდრეობა გერგოთ, მაგრამ მე,. როგორც მოქალაქემ იმიტომ მოგეცით ხმა, რომ ეს ყველაფერი წარსულში დაგეტოვებინათ და ქვეყანა წაგეყვანათ ევროპისკენ“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
ანა ნაცვლიშვილმა ისაუბრა იმ რეფორმებზე და კანონებზე, რომლებიც „ქართული ოცნების „ ხელისუფლების პირობებში იქნა მიღებული და რომელთა სწორად წარმართვის შესახებაც არაერთი გაფრთხილება მიიღო ხელისუფლებამ სამოქალაქო სექტორისგან, დარგის სპეციალისტებისგან და დასავლელი პარტნიორებისგან. ანა ნაცვლიშვილმა გააკრიტიკა ხელისუფლების ქმედებები დეცენტრალიზაციის და თვითმმართველობის, ეროვნული ბანკის, სასამართლოს და მედიის თავისუფლების მიმართულებით და ყურადღება გაამახვილა 2017 წოლის საკონსტიტუციო ცვლილებებზე და ინიციატივაზე, რომელიც მისივე თქმით სამოქალაქო საზოგადოებამ დააყენა.
„მიუხედავად თქვენი ძალიან ბევრი მცდელობისა, რომ როგორმე გადააგდოთ საქართველო ევროპული განვითარების გზიდან, თქვენ ამის ძალა ახლა არ გაქვთ, რომ ეს კონსტიტუციური გარანტი გააუქმოთ, მაგრამ მარტო ეს გარანტი არ გვეყოფა და ამის ძალიან ცხადი გააზრება არის არა მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში და სამოქალაქო საზოგადოებაში, არამედ უპირველეს ყოვლისა ამ ქვეყნის მოქალაქეებში, რომლებიც გამოვიდნენ ათიათასობით გუშინ და თქვეს თავისი ისტორიული სიტყვა“,-განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიპარლამენტმა „საინვესტიციო ფონდების შესახებ“ კანონში ცვლილებებს მხარი პირველი მოსმენით დაუჭირა
შემდეგი სტატიაუკვე მე-4 დღეა სიცხე აქვს, ამწუთას ტემპერატურა აქვს 37.7 – ეკა ხერხეულიძე სააკაშვილზე