„თავისუფალი საქართველო“ II ტურში არცერთ კანდიდატს მხარს არ დაუჭერს

ადამიანურად გვესმის იმ ხალხის, რომელთაც ახსოვთ სააკაშვილის მმართველობის ყველა საშინელება და ამიტომ აძლევს ხმას ზურაბიშვილს, აგრეთვე იმ ადამიანების, რომელთათვისაც აუტანელია ივანიშვილის ტყუილებზე დაფუძნებელი რეჟიმი და მის წინააღმდეგ აძლევს ხმას ვაშაძეს, მაგრამ პოლიტიკური პარტია გადაწყვეტილებებს იღებს არა პირადი წყენის არამედ სახელმწიფოებრივი ინტერესებიდან გამომდინარე.

არ გვჯერა იმ ადამიანების გულწრფელობისა, რომლებიც ტელევიზიიდან მოგვიწოდებენ „არა ნაცებს“ და რომლებსაც 6 წლის მანძილზე ხმა არ ამოუღიათ არც მაშინ, როცა ხელისუფლება გაივსო პორტირებული ნაციონალებით, არც მაშინ როცა მურუსიძე დაინიშნა მთავარ მოსამართლედ და არც მაშინ, როდესაც ივანიშვილმა უარი თქვა სამართლიანობის აღდგენაზე. დღეს ისინი რეალურად იცავენ არა თავისუფლებას, არამედ მათ მიერ მოგებულ კონკრეტულ ტენდერებს, საკუთარ მატერიალურ მდგომარეობას და დაუმსახურებელ პრივილეგიებს.

დიახ, ჩვენთვისაც მიუღებელია „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც 9 წელი ვებრძოდით, გვახსოვს 7 ნოემბერი და 26 მაისი, პოლიტიკური მკვლელობები და პატიმრების წამება, მაგრამ რითი სჯობიან მათ ის ადამიანები, რომლებიც დღეს რიხით გველაპარაკებიან ხელისუფლების სახელით თავისუფლებაზე, თუმცა ყველას გვახსოვს მათ მიერ გადამწვარი თბილისი და მათ მიერ აოხრებული სამეგრელო?

ამის მიუხედავად ვფიქრობდით და ვმსჯელობდით მხარი დაგვეჭირა მეორე ტურში ხელისუფლების კანდიდატისთვის თუ ისინი გააკეთებდნენ დასკვნებს პირველი ტურის შემდეგ და წავიდოდნენ დათმობაზე არასაპარლამენტო ოპოზიციასათან, მთლიანაად საზოგადოებასთან. სამწუხაროდ, ჩვენ ღიად მოვისმინეთ, რომ ხელისუფლება არაა მზად არც ერთპარტიული კონსტიტუციის შეცვლისთვის, არც მაჟორიტარული სისტემის გაუქმებისთვის და არც იუსტიციის საბჭოს დაშლისთვის. მათ სურთ ეს ყველაფერი უცვლელად შეინარჩუნონ, ხოლო ქართველი ერი 5 კილო ხახვის და კარტოფილის ფასად იყიდოს.

ამ არჩევნებში 2-ვე მხარემ დაგვანახა თავისი ნამდვილი სახე: არა განათლება, არა ღირსება და ზომიერება, არამედ წარმოუდგენელი და დღემდე უკადრებელი უზრდელობა, ცილისწამება და ისტერიკა. გავეშებული ოპონენტები შეეხნენ ერთმანეთის ოჯახებს, შვილებს ყველაფერს, რაც წესით პოლიტიკის მიღმაა და არავის არა აქვს მასთან შეხების უფლება.

თუ ხმას მივცემთ ამ 2 კანდიდატიდან ერთ-ერთს, მაშინ შემდეგი არჩევნები კიდევ უფრო უარესი იქნება, უფრო მეტი ცილისწამებით, ღვარძლითა და ძალადობით აღსავსე.

სინამდვილეში ოცნება და ნაციონალები ერთმანეთის ალტერნატივა არ არიან, ეს არის ერთი მანკიერი სისტემის 2 ელემენტი, 2 რადიკალური დაჯგუფება, რომელსაც მძევლად ჰყავს აყვანილი მთელი ქართველი ერი და გვაიძულებს ყველა არჩევნებში ერთ-ერთ მათგანს მივცეთ ხმა.

გამოსავალი არ არის სახლში დარჩენა და პროცესების შორიდან ყურება, ამიტომაც მივიღეთ გადაწყვეტილება მივიდეთ 28 ნოემბერს საარჩევნო უბანზე, გადავხაზოთ 2-ვე კანდიდატი და ამით შევახსენოთ 2-ვე მათგანს, რომ მათ გარდა ამ ქვეყანაში ჩვენც ვარსებობთ – მესამე მხარე, რომ ჩვენ მათზე მეტნი ვართ და რომ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში შემდეგი არჩევნები ჩატარდეს ახალ გარემოში, ძალადობისა და მოსყიდვის, ცილისწამებისა და შანტაჟის გარეშე, სადაც კანდიდატები ერთმანეთთან პაექრობენ ქვეყნის მომავალზე და არა მათი ოჯახური ცხოვრების ინტიმურ დეტალებზე, სადაც დამარცხებული მიულოცავს გამარჯვებულს, ხოლო გამარჯვებული მადლობას გადაუხდის და თანამშრომლობას შესთავაზებს.

თუ მართლა მოვინდომებთ, გავერთიანდებით და კარგად მოვემზადებით საპარლამენტო არჩევნებისთვის – ეს დღე აუცილებლად დადგება.

banner
წინა სტატიაშიირაკლი კობახიძე NDI-ს სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებს შეხვდა
შემდეგი სტატიაზუგდიდში მცხოვრებ დევნილებს გეგმიური სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ