თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე განცხადებას ავრცელებს

თავისუფალი დემოკრატების თავმჯდომარე, თამარ კეკენაძე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიერ გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ რუსეთს ქართველი ხალხის წინააღმდეგ არასდროს არაფერი დაუგეგმავს და ურთიერთობების აღდგენა ხელისუფლებასა და ხალხს შორის დღის წესრიგშია – ცინიკურს უწოდებს და განმარტავს, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზრდება ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რადგან მათი ამოცანაა საარჩევნო პროცესში ჩარევით, ხელი შეუწყონ პრორუსული ძალების გაძლიერებას საქართველოში.

,,ლავროვის განცხადება არის ცინიკური და იგი, მისთვის ჩვეულ სტილში, საქართველოს დადანაშაულებით, მიზანმიმართულად ცდილობს აარიდოს რუსულ მხარეს პასუხისმგებლობა ჩვენი ტერიტორიების ოკუპაციაში.

ერთში ნამდვილად დავეთანხმები ბატონ ლავროვს, ქართველი ხალხი ნამდვილად ბრძენია და შესაბამისად, კარგად არჩევს მტერს და მოყვარეს. მიუხედავად იმისა, რომ ოკუპაციის პარალელურად, რუსული მხარე წლებია ცდილობს, სიცრუის გავრცელებით, ქართული პოლიტიკური სპექტრისა თუ საზოგადოების სხვადასხვას წარმომადგენელბის მეშვეობით, გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე საქართველოში, ყველა კვლევა ნათლად ადასტურებს ჩვენი მოქალაქეების ევროატლანტიკურ არჩევანს.

მიუხედავად იმისა, რომ როგორც ქართულმა, ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ, კარგად იცის, რუსეთის რეალური სახე და მათი ზრახვები საქართველოსთან მიმართებაში, აუცილებელია, რომ ქართულმა მხარემ რეაგირების გარეშე არ დატოვოს არცერთი მსგავსი განცხადება, რომელიც გაკეთდება რუსეთის მთავრობის წარმომადგენლების მხრიდან.

მაქვს მოლოდინი, რომ არჩევნების მოახლოებასთან ერთად, გაიზრდება ზეწოლა რუსეთის მხრიდან, რადგან მათი ამოცანაა საარჩევნო პროცესში ჩარევით, ხელი შეუწყონ პრორუსული ძალების გაძლიერებას საქართველოში.

ამ რეალობაში განსაკუთრებული პასუხისმგებლობა გვაქვს პროდასავლურ ძალებს, ყოველდღიურ რეჟიმში, მკაფიოდ ავუსხნათ ჩვენს მოქალაქეებს თუ რა ამოძრავებს რუსეთს და არცერთი მათი განცხადება თუ ქმედება არ დავტოვოთ რეაგირების გარეშე” – ნათქვამია თამარ კეკენაძის განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშიდღეს „ლელოს“ ვაკის ოფისის ბლოკირება რადიკალი დაჯგუფების „ქართული მარშის” წევრებმა სცადეს
შემდეგი სტატიაალექსანდრე მოწერელია : ჩვენი გუნდის მიზანია, ხელი შეუწყოს ახალგაზრდების სრულფასოვან განვითარებას