,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები – ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ

ბათუმში, ევროინტეგრაციის თემაზე რიგით მე-13 საერთაშორისო კონფერენციაზე ,,თავისუფალი დემოკრატების“ ლიდერები – ალექსი პეტრიაშვილი და ვიქტორ დოლიძე ევროპული სამეზობლო პოლიტიკისა და გაფართოების საკითხებში ევროკომისარ იოჰანეს ჰანს შეხვდნენ. ალექსი პეტრიაშვილის, განცხადებით ,,თავისუფალი დემოკრატების“ მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება გამახვილებული იქნა ისეთ თემებზე, როგორებიცაა: საქართველოსთვის უვიზო მიმოსვლის სწრაფად მინიჭების მნიშვნელობა, გაძლიერებული რუსული პროპაგანდა, წინასაარჩევნოდ პოლიტიკური პარტიებისათვის თანაბარი პირობების შექმნა.

ასევე მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმო საუბარს: მედია პლურალიზმის უზრუნველყოფასა და ძალოვანი სტრუქტურების დეპოლიტიზაციის აუცილებლობაზე, ხაზი გაესვა პოლიტიკური ოპონენტების მიმართ ხელისუფლების მხრიდან მიუღებელი მეთოდებით ბრძოლის დაუშვებლობას. კერძოდ, საუბარი შეეხო როგორც თავდაცვის სამინისტროს დაკავებული ხუთი თანამშრომლის უსამართლოდ დაპატიმრებას, ისე აქტივისტებისა და კანდიდატების მიმართ ზეწოლის აშკარა მცდელობებს.

“ვისაუბრეთ რომ სუს-ის ხელმძღვანელის მოადგილე, იოსებ გოგაშვილი, პირადად ცდილობს, ზეწოლა მოახდინოს ჩვენს მაჟორიტარობის კანდიდატებზე. ის ცდილობს, დააშანტაჟოს ჩვენი კანდიდატები,” – განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

ალექსი პეტრიაშვილის განცხადებით ევროკომისარმა გამოთქვა იმედი, რომ საქართველო მიიღებს უვიზო მიმოსვლას შემოდგომაზე. ასევე ევროკავშირის პრინციპული პოზიცია გამოხატა იმასთან დაკავშირებით, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს გამჭვირვალედ და ექსცესების გარეშე.

,,იოჰანეს ჰანი მიესალმება ,,თავისუფალი დემოკრატების“ ძალისხმევას როგორც უვიზო მიმოსვლის გადაწყვეტილების მიღებაში, ისე ქვეყნის შიგნით პროცესების ცივილიზებულად, პასუხისმგებლობით და დემოკრატიულად პროცესების წარმართვაში“,- განაცხადა ალექსი პეტრიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისლოვენიაში მსუბუქი თვითმფრინავი ჩამოვარდა
შემდეგი სტატიანიდერლანდების მოქალაქე “ფეისბუქის” პოსტის გამო მე-19 საუკუნის კანონით დასაჯეს